ახალი ამბები

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის: თურქეთში 4 სტუდენტი კარიკატურის გამოფენისთვის დააკავეს

16 ივლისი, 2018 • 2084
ერდოღანის შეურაცხყოფისთვის: თურქეთში 4 სტუდენტი კარიკატურის გამოფენისთვის დააკავეს

თურქეთში, ანკარაში მდებარე ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს პოლიტიკური შინაარსის კარიკატურის გამოფენა თავისუფლების ფასად დაუჯდათ. შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი სასამართლოს განკარგულებით მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოსაშვებ ცერემონიაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააშარჟეს.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში 6 ივლისს გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას ოთხმა სტუდენტმა გამოფინა ცნობილი კარიკატურა, რომელიც იუმორისტულ ჟურნალ “პინგვინში” 2005 წელს გამოქვეყნდა. ნახატზე, სახელწოდებით “თაიფების სამყარო” ყველა ცხოველი, თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განასახიერებს.

სტუდენტები მეორე დღესვე დააკავეს, შემდეგ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც ანკარის სახალხო პროკურორის ოფისში განმარტეს, დაკავებულებს პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფას ედავებიან. “Deutche Welle”-ს თურქული ბიუროს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და უნივერსიტეტში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციის წევრი.

სტუდენტების მიერ გამოფენილი კარიკატურა უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე

“Deutche Welle” ასევე იუწყება, რომ პოლიციამ იმ კომპანიის წარმომადგენელიც დააკავა, სადაც სტუდენტების მიერ გამოფენილი ბანერი დამზადდა, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

BBC-ის თურქული სამსახურის ინფორმაციით კი, მოსამართლე ბეიჰანი აზმანი, რომელმაც სტუდენტები პატიმრობაში დატოვა, თანამდებობაზე დაინიშნა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

თურქეთის ხელისუფლება აღნიშნული კარიკატურით აქამდეც ღიზიანდებოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც კარიკატურის პირველად გამოქვეყნების პერიოდში(2006 წ.) ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, იუმორისტულ ჟურნალს უჩივლა და 40 000 ლირის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. მაშინ სასამართლომ ერდოღანის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი