სტიქია ჭუბერში. ფოტო: ხათუნა ჩხეტიანი

ჭუბერის სტიქია: 8 არასამთავრობოს მიმართვა ხელისუფლებას

ჭუბერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვანე საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერები, როგორც მთავრობას, ისე კომპანიას, პროცესების არასწორად შეფასებას ედავებიან და სახელმწიფოს ვითარების უკეთ შესწავლას სთხოვენ.

ხელმომწერები ზემო სვანეთში ახალი ჰესების მშენებლობის თანმდევ საფრთხეებზე საუბრობენ და განსაკუთრებულ ყურადღებას “ნენსკრა-ჰესის” პროექტზე ამახვილებენ. მათი აზრით, ადგილზე ჰესის აშენებისათვის ასობით ჰექტარი ტყის გაჩეხვა და დატბორვა ვითარებას მეტად დაამძიმებს, მისი ამოქმედების შემდეგ კი გეოლოგიური რისკები გაიზრდება:

“წინააღმდეგობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რომ დაგეგმილი კაშხლისა და რეზერვუარის ტერიტორიაზე მოედინება ოკრილზე მეტად ღვარცოფული რამდენიმე მდინარე, ასევე, მდებარეობენ ზვავსაშიში და მეწყერსაშიში უბნები, რომელთა ზეგავლენა ნენსკრა-ჰესზე არასათანადოდაა გამოკვლეული.

გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს.

არასათანადოდ არის შეფასებული, რომ სტიქიურ მოვლენები თანდათან ისედაც მძაფრდება გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად, ხოლო ჰესის რეზერვუარის არსებობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას”, – აღნიშნავენ არასამთავრობოები.

განცხადების ხელმომწერთა თქმით, მცდარია კომპანია “ნენსკრა ჰიდროს” მტკიცება, რომ სტიქიური მოვლენა სამშენებლო ტერიტორიიდან მოშორებით მოხდა. მათივე თქმით, მცდარია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მოსაზრებაც, თითქოს ადგილზე ღვარცოფულ პროცესებს ტყის სისტემურმა ჭრამ შეუწყო ხელი. ამ უკანასკნელს არასამთავრობოები შესაბამისი რუკით ასაბუთებენ:

“კომპანიის ზემოაღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მდ. ოკრილი და მისი მიმდებარე ტერიტორია ნენსკრა-ჰესის საპროექტო არეალში ექცევა; ეს არეალი, ჰესის პროექტის დაწყებამდე, ჭუბერის თემის საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენდა.

მსოფლიოს ტყეების მონიტორინგის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის „გლობალ ფორესთ ვოთჩის“ (Global Forest Watch) მომზადებულ რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ნენსკრას ხეობის ამ მონაკვეთში, 2000-2017 წლებში, პრაქტიკულად, არ განხორციელებულა ტყის ჭრები.

ამგვარად, არაზუსტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც სტიქიური მოვლენის განვითარების მიზეზების შესახებ. მეტიც, აღნიშნული განცხადება პასუხისმგებლობის ადგილობრივ მოსახლეობაზე და ინდივიდებზე გადატანის და პოლიტიკური კრიტიკის გადაფარვის მცდელობაა…

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები და რეკომენდაციები მთავრობის მიმართ ასე გამოიყურება:

“საქართველოს მთავრობამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს:

  • მდ. ოკრილზე განვითარებულ მოვლენები და მისი გამომწვევი რეალური მიზეზები;
  •  მდ. ენგურის აუზში მიმდინარე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესები, გამომდინარე საფრთხეები და მათი პრევენციის გზები.

გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორების ჩართულობით,
საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების კომისია, რომელიც

  •  ჩაუტარებს ექსპერტიზას ნენსკრა-ჰესის საპროექტო დოკუმენტაციას ახლად განვითარებული და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების კონტექსტში;
  •  შეაფასებს მდ. ენგურის აუზში დაგეგმილი ჰესების კუმულაციურ ზემოქმედებას რეგიონში
    მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზე”.

განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი შეფასებები უნდა გაკეთდეს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, სადაც ჰესების მშენებლობა იგეგმება, მათ შორის- რაჭაში, ხევში, ქვემო სვანეთსა და ზემო აჭარაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

“მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა”, “ენერგოეფექტურობის ფონდი”, “ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია”, “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”.


სტიქია ჭუბერში მიმდინარე წლის 5 ივლისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები და გზები. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, მდინარის კალაპოტთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი კი მთლიანად დაინგრა.

“ნენსკრა-ჰესის” მშენებელმა კომპანიამ სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის მშენებლობის კავშირი უარყო. “ნენსკრა ჰიდროში” აცხადებდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად გაჩერებული იყო. “ნენსკრა ჰიდროს” განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას.

პროცესების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა სწრაფი შეტყობინების სისტემების მეტი რაოდენობით განთავსება. პრემიერმა სტიქიის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ხელი შეუწყო “ხეების უსისტემო ჭრამ”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან