ახალი ამბები

“ძალა ერთობაშია” – 10 ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ წარადგენს

16 ივლისი, 2018 • 4721
“ძალა ერთობაშია” – 10 ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ წარადგენს

საქართველოში მოქმედი 10 ოპოზიციური პარტია ერთიანდება სამოქალაქო მოძრაობაში, სახელწოდებით “ძალა ერთობაშია”. ალიანსი, რომელშიც სხვებთან ერთად “ნაციონალური მოძრაობაც შედის, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ, 17 ივლისს წარადგენს.

“ძალა ერთობაშია” სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის:

  • “ახალი საქართველოსთვის”,
  • “ემსახურე საქართველოს”,
  • “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”,
  • “სახელმწიფო ხალხისთვის”,
  • “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”,
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,
  • “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”,
  • “ახალი საქართველო”,
  • “საქართველო ლიდერთა შორის”,
  • “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

დღეს მოძრაობის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც გაერთიანების მიზნებსა და გეგმებს შეეხება. დამფუძნებელთა შორის ერთ-ერთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიაა. მისი თქმით, მოძრაობის მიზანია, წარადგინოს კანდიდატი, რომელიც “სახელმწიფოს პრეზიდენტი” იქნება.

“ხვალ იქნება კანდიდატის წარდგენა და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც უნდა გახდეს არა რომელიმე ცალკე აღებული პარტიის ან გაერთიანების, არამედ თავად სახელმწიფოს პრეზიდენტი. არა ისე, როგორც “ქართულ ოცნებას” ჰყავს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ა.შ. საქართველოს პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ და სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ.”, – აღნიშნა მან.

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს ლიდერი” გიორგი ვაშაძე კი მოძრაობის გუნდის სიძლიერეს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

“ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარი გუნდის ფორმირებას, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს იქნება პროფესიონალების გუნდი, მაღალი ღირებულებებისა და მაღალი სტანდარტების გუნდი, რომელსც სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს წარმატებული ქვეყანა”, – უთხრა ვაშაძემ “რუსთავი2”-ს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი