ახალი ამბები

გამოძიების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ყველა შახტი დროებით დაილუქება

16 ივლისი, 2018 • 1684
გამოძიების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ყველა შახტი დროებით დაილუქება

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიების დასრულებამდე, ქალაქში არსებული ყველა შახტი დაილუქება. ამის შესახებ მედიას განუცხადა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დადგება თუ არა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი, ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

“ამ ეტაპზე რთული იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამას გამოძიება დაადგენს.

…დღესვე, ტყიბულში არსებული ყველა შახტა დაილუქება გამოძიების დასრულებამდე. ასეთი არის ტყიბულში 25”, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე დაკითხვაზე იმყოფებიან შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები :

“ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გადაყვანილია პოლიციაში დაკითხვაზე. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექვსი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში, ოთხი ადამიანი კი, როგორც მოგეხსენებათ, ოთხი ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა”.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,  სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მინდელის შახტში დღეს, 16 ივლისს, გამთენიისას, 4 მეშახტე დაიღუპა და 6 დაშავდა.


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილს მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი -ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი