ცხინვალი აგვისტოს ომის 10 წლისთავის შესახებ OSCE-ს რეზოლუციას აკრიტიკებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება  განცხადებით ეხმაურება ბერლინში, ეუთოს [OSCE]  საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას, სახელწოდებით “10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ” .

“არ შეიძლება არ გავამახვილოთ ყურადღება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოედნებზე მიღებული რეზოლუციების მსგავს ხასიათზე. ეს არის აგრესორი საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ღია დემონსტრირება და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი ნეგატიური ტალღის აგორების მცდელობა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ასეთ მხარდაჭერას თვითნებობის სიგნალად აღიქვამს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ერთ საათში არ მომწიფებულა – ეს, მათ შორის, ეხება ნატოს დაპირებასაც საქართველოს საკუთარ რიგებში მიღებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი იმ საქმიანობის, უფრო სწორად, საკუთარი მისიის უმოქმედობის შესახებ საქართველოში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიის პერიოდში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებამდე  2 საათით ადრე მისიის თანამშრომლებმა საიდუმლოდ დატოვეს ცხინვალი და მოსახლეობა არ გააფრთხილეს საფრთხის შესახებ. მისიამ ვერ შეასრულა საკუთარი მანდატი და ვერ შეაკავა საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ”.

ბერლინში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია, სახელწოდებით “10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ”.  ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რეზოლუცია შევიდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ინიცირებით.

ქართველი დევნილები ცხინვალის რეგიონს ტოვებენ © EPA/pavel wolberg

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი