ახალი ამბები

ცხოველების შემზარავი ვიდეო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხი

14 ივლისი, 2018 • 4080
ცხოველების შემზარავი ვიდეო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხი

დღეს ფეისბუკზე ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს ცხოველები უმძიმეს მდგომარეობაში.

ვიდეოს ავტორის ის თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ ვითარებას ასახავს, თუმცა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ვიდეო მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული.

“თავშესაფარში ხდება სრული მარაზმი, მიაქვს ჭირს იქაურობა და რამდენიმეჯერ ცოფიც დაფიქსირდა, თუმცა ჩაჩქმალეს და არ გამოიტანეს გარეთ”, – წერს ტასო ლოსაბერიძე, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეო რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. ლოსაბერიძე რეაგირებას ომბუდსმენსაც თხოვს.

გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც ათასობით ადამიანმა ნახა, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოეხმაურა.

“დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები, რომელიც მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული.

მოგეხსენებათ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ერთერთი მიმართულებაა, როგორც თბილისის, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, მკვდარი ცხოველების მიღება და მათი განთავსება სპეციალურ ბიოთერმულ ორმოში. სწორედ მსგავსი პროცესია ასახული გავრცელებულ ვიდეოკადრებში, თუმცა სრულიად დამახინჯებული რეალობითა და დადგმული სცენებით.

მკვდარი ცხოველებისთვის განკუთვნილ ოთახში მოხვედრა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელს. ამდენად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, აღნიშნულ კადრები ვრცელდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების მიერ, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობას ამ ცხოველებზე ზრუნვა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ გულგრილობას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას უკავშირდება”, – აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი