ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სააკაშვილი, ახალაია და სხვები – აფხაზეთის პარლამენტს ქართველების “შავ სიას” სთავაზობენ

14 ივლისი, 2018 • 3459
სააკაშვილი, ახალაია და სხვები – აფხაზეთის პარლამენტს ქართველების “შავ სიას” სთავაზობენ

აფხაზეთის 1992–1993 წლების ომის ვეტერანთა ორგანიზაცია «АРУАА» აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს ქართული მხარის მიერ შემუშავებული “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის საპასუხოდ ანალოგიურ “ხიშბა-სიგუას” [როგორც განმარტებაში წერია, ისინი ქართული სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს] სიას სთავაზობს. ინფორმაციას აფხაზური “ნუჟნაია გაზეტა” ავრცელებს. 

აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სიაში ის ქართველები შეიყვანეს, ვინც, მათი აზრით, სამხედრო დანაშაულებში, ტერირისტულ საქმიანობაში და აფხაზების გენოციდში მონაწილეობდნენ.

26 კაციან სიაში მოხვდენენ ბაჩო ახალია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი; ირაკლი ბათიაშვილი, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე; ირაკლი ოქრუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი; მეგის ქარდავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი; ვანო მერაბიშვილი, შს ყოფილი მინისტრი; თენგიზ კიტოვანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი; მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და აშ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისგან განსხვავებით, აფხაზეთში სახელისუფლებო დონეზე მსგავსი სიის შექმნაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანის შეყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალი პრემიერი არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულად უთხრის ძირს არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს. აფხაზური მხარე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს”, – აცახდებდნენ მაშინ აფხაზეთის საგარეო უწყებაში.

აღნიშნული სიის გამო 27 ივნისის, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა, ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო დატოვეს.

21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია. მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი