სიცხე და თავსხმა წვიმა – ნენსკრას ხეობის სტიქიის მიზეზები გარემოს სააგენტოს მიხედვით

ნენსკრას ხეობაში სტიქიის მთავარი მიზეზი მაღალი ტემპერატურა, რომელმაც ყინულის დნობა გამოიწვია და თავსხმა წვიმები იყო – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს  სტიქიური პროცესების შეფასების ანგარიშში.

ანგარიში ანიმაციასთან ერთად სააგენტომ 14 ივლისს გამოაქვეყნა.

ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია: 

  • მდ. ენგურის შენაკადებიდან მდ.ნენსკრა გამორჩეულია თავისი წყალუხვობით;
  • მდ. ნენსკრას ხეობაში ექსტრემალური სტიქიური მოვლენების ძირითადი მიზეზი იყო ივლისის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებული მაღალი ტემპერატურებისა და კავკასიონის ქედის ამ სეგმენტში განვითარებული თოვლყინულოვანი საბურველის დაჩქარებული დნობა თავსხმა წვიმების თანხვედრით;
  • მდ. ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდ. ნენსკრას შესართავამდე, ღვარცოფული ნაკადებით ტრასფორმირებული მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების გამო ცალკეულ უბნებზე მოხდა ნაკადების მოკლევადიანი შეგუბება;
  • 2018 წლის 5 ივლისს მდ. ნენსკრას წყლის მაქსიმალური ხარჯი დაანგარიშებული იქნა გავლილი კვალის მიხედვით. სოფ. ქვემო მარღთან წყლის ხარჯმა 220 მ 3 /წმ შეადგინა, რაც ექსტრემალური მაჩვენებელია ამ მდინარისთვის;
  • ღვარცოფული ნაკადის წარმოშობის ძირითადი კერა იყო მდ.ნენსკრას მარჯვენა შენაკადის – მდ.ოკრილას აუზი;  ჭუბერის თემის სოფლების საცხოვრებელი სახლებისა და დასახლების ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია მდინარის ღვარცოფულმა ხასიათმა, რაც გამოიხატება დიდი რაოდენობით მყარი ნატანის და მერქნიანი ხე-მცენარეების შემცველობით წყლის ნაკადში;
  • სამოსახლოდ და სამეურნეოდ ათვისებული მდ.ნენსკრას ჭალები აგებულია ადვილად შლადი/წარეცხვადი ალუვიურ-დელუვიური ნალექებით, რაც ეროზული პროცესების მიმართ მოწყვლადს ხდის ამ დასახლებებს;

ანგარიშის მიხედვით,   მდ.ნენსკრას აუზში აუცილებელია ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგული ქსელის შექმნა; ასევე:

  • საჭიროა მდ. ნენსკრას აუზისთვის შემუშავდეს ბუნებრივი საფრთხეების ზონირების რუკები;
  • მდ.ნენსკრას ხეობის დასახლებებში სასწრაფოდ უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების გაწმენდა/რეკონსტრუქცია წყლის 1%-იანი უზრუნველყოფის ხარჯის გათვალისწინებით;
  • დასახლებების ფარგლებში კალაპოტების გამაგრება უნდა განხორციელდეს ფლეთილი ლოდებით (საანგარიშო ქვის ზომის/წონის გათვალისწინებით) მოწყობილი დამბების მეშვეობით.
  • სვანეთში შესაფერისი ქანების გამოვლინებები ბევრია. სამუშაოების გაიაფების მიზნით, საჭიროა მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება ქვის მოპოვებაზე ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ;
  • საცხოვრებელი სახლების აშენებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვადაპროექტებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული სამშენებლო და გარემოდაცვითი, მათ შორის წყალდაცვითი ნორმები და წესები;

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი