ახალი ამბები

გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს – შსს

13 ივლისი, 2018 • 4226
გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს – შსს

შსს ხადის ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს. ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურმა დაუდასტურა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ექსპერტიზის დეტალებს ელოდება, შესაბამისად, დამატებითი ცნობების გავრცელებისგან შსს თავს იკავებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი