ახალი ამბები

ელიას მთაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

13 ივლისი, 2018 • 6587
ელიას მთაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

“როცა ექიმს ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა ბიჭის გადარჩენა, გვითხრა, რომ არცერთი ორგანო ჰქონდა მთელი!” – გუშინ, გვიან ღამით, ელიას მთაზე 23 წლის კაცი 10-ზე მეტმა პირმა ცივი იარაღებით მოკლეს.

როგორც თვითმხილველები ტელეიმედს უყვებიან, ჟონეთის ქუჩაზე მერსედესის მარკის ორი ავტომობილი შენიშნეს, რომლებშიც თავდამსხმელები ისხდნენ. მეზობლები გარეთ მას შემდეგ გავიდნენ, რაც დაჭრილის ყვირილი გაიგეს, რომელიც შველას ითხოვდა:

“დავინახე, რომ ჩემი სახლის უკან იდგნენ ბიჭები ორი მანქანით. დაახლოებით ერთ წუთში გავიგე ხმა – “მიშველეთ! მომკლეს!”. ახლოს რომ მივედი, ზოგი უკვე გარბოდა, ზოგი კი ისევ ურტყამდა. კამერაში როგორც ნახეს, 12 ახალგაზრდა ბიჭი ურტყამდა. ერთი თეთრი მერსედესი იყო, მეორე – შავი. მე და ჩემმა შვილმა წავიყვანეთ საავადმყოფოში, მაგრამ უკვე უგონო მდგომარეობაში იყო.”

მოკლულის ოჯახის წევრები ტელეიმედთან საუბრისას ყვებიან, რომ დანაშაული შესაძლოა ათი თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

“გუშინ, ვახშმის შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათისთვის, სახლიდან გავიდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა დაურეკეს. ზუსტად 10 წუთში გავიგე მთელი სამეზობლოს ყვირილი. მთლიანად სისხლში იყო გასვრილი და პირიდანაც სისხლი ამოსდიოდა. მთელი ზურგი ჰქონდა დაჩეხილი.

კონფლიქტი ვიღაცებთან ჰქონდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მიზეზი არ ვიცი. ისეთი კონფლიქტი ჰქონდა, რომ მთლიანი ყბა დაუნგრიეს სადღაც 10 თვის წინ. ვვარაუდობ, რომ ისევ ის ჯგუფია ამ მკვლელობის უკან, ვინც მაშინ სცემა,” – ამბობს მოკლულის და.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერჯერობით არცერთი ეჭვმიტანილია დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი