ახალი ამბები

მინისტრობის კანდიდატის ხუმრობა გენერალსიმუსზე, რომელზეც რომან გოცირიძეს “არ გაეცინა”

13 ივლისი, 2018 • 3610
მინისტრობის კანდიდატის ხუმრობა გენერალსიმუსზე, რომელზეც რომან გოცირიძეს “არ გაეცინა”

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მაჭავარიანი გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხო, რომლებითაც მინისტრობის კანდიდატის წარსულ გამოცდილებასა და განათლების ხარისხს გაუსვა ხაზი. მაჭავარიანის თქმით, შესაძლოა, პოლიტიკური გამოცდილების არქონა ნაკლია, თუმცა აღნიშნულს დადებითი მხარეც აქვს.

“ის, რომ მე ბიუროკრატიული და პოლიტიკოსის გამოცდილება არ გამაჩნია, ეს შეიძლება სისუსტე იყოს, გეთანხმებით. მაგრამ, ამავდროულად, ეს შეიძლება ისეთ ძლიერ მოვლენაში გადაიზარდოს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში, ეს იქნება ფინანსთა სამინისტრო თუ ზოგადად სამთავრობო სტრუქტურა, დაინახო ისეთი არაეფექტურობები, წლების განმავლობაში პროცესების შენელება, რაზეც ჩვეულებრივ, მიუღებლობა და რეაქცია გექნება.

მე იცით, რას გეტყვით? აქ რომ ვზივარ გალსტუკით, ესეც დისკომფორტს მიქმნის. ისიც არ ვიცოდი, როგორ მომეგნო ამ ოთახისთვის, მაგრამ ეს აკრეფადია. მაგრამ ის უნარი, რომ არ ავყვე პოპულიზმს და სოციალური წნეხის ქვეშ არ დავგეგმო და არ დავხარჯო ბიუჯეტი და, მეორე მხრივ, გავატარო ის რეფორმები, რაც მცირე მთავრობის კონცეფციაშია, დიჯიტალიზაცია და ა.შ., ზუსტად ის, რომ არ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, უფრო დამეხმარება. ეს იყო ჩემი და პრემიერის განსჯის საგანი”, – აღნიშნა მან.

სიტყვის დასასრულს ივანე მაჭავარიანი რომან გოცირიძის მიერ მისი განათლების ხარისხის შეფასებასაც გამოეხმაურა.

“რაც შეეხება თქვენს მიდგომებს ჩემს უმაღლეს განათლებაზე, დღეს აღნიშნეთ, რომ 60-იანი წლების ეკონომიკურ მოდელს ჰგავსო და დიპლომის ხარისხებზე დევნა ასევე 60-იანი წლების სტილია. გაიხედეთ გარეთ, რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში. დღეს მიხსენეთ თქვენ, რომ ხადური იყო დოქტორი და თქვენ ბაკალავრიო, იმან ვერ ქნა და როგორ იზამო. მაშინ თქვენ უნდა იყოთ გენერალსიმუსი, რა”.

აღნიშნულის საპასუხოდ გოცირიძემ მინისტრობის კანდიდატს იუმორი დაუწუნა:

“მწყრალად ვარ, მგონი, იუმორთან, არ გამეცინა. სად უნდა გამეცინა, გენერალსიმუსზე?”.

“ეს არ იყო გასაცინებლად ნათქვამი”, – თქვა მაჭავარიანმა.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატში უსმენენ. 14 ივლისს კი სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, გამოუცხადებს თუ არა ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი