ახალი ამბები

ციფრული სკოლის კონცეფცია შემუშავდება – მიხეილ ბატიაშვილი

13 ივლისი, 2018 • 2352
ციფრული სკოლის კონცეფცია შემუშავდება – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, “ციფრული სკოლის კონცეფცია“ შემუშავდება, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს. 

მინისტრის განმარტებით, ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას – ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს.

“ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება”,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მოხდება პედაგოგთა გადამზადება და პედაგოგების ფინანსური წახალისება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი