ახალი ამბები

ინაშვილი ბახტაძეს: სიღარიბის დაძლევის კუთხით ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ

13 ივლისი, 2018 • 1356
ინაშვილი ბახტაძეს: სიღარიბის დაძლევის კუთხით ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

ამ წუთებში,სხდომაზე სიტყვით გამოდის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრს პარტიის ხედვებსა და პრიორიტეტებს აცნობს. მისი თქმით, სიღარიბის დაძლევის კუთხით პარტია მხარს დაუჭერს ბახტაძეს.

“მნიშვნელოვანია თქვენი განცხადება სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით.  იცოდეთ, რომ ამ გზაზე თქვენ გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. მართალია, ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია და საქართველოში, სამწუხაროდ, არასწორად არის გაცნობიერებული ოპოზიციის არსი, მნიშვნელობა და დატვირთვა. ოპოზიცია არ ნიშნავს, იყო მტრულ რეჟიმში შენს სახელმწიფოსთან და შენს ქვეყანასთან. იყო ოპოზიციური პარტია და ფრაქცია, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვმონაწილეობდეთ სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიულ საკითხებში. დღეს სიღარიბის დაძლევა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავერთვებით და თუ იქნება თქვენი სურვილი, მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას”, – აღნიშნა მან.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატში უსმენენ. 14 ივლისს კი სხდომა გაიმართება, სადაც გაირკვევა, გამოუცხადებს თუ არა ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი