ახალი ამბები

სად და რა პირობებში ცხოვრობს კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი ტიფანი

13 ივლისი, 2018 • 5025
სად და რა პირობებში ცხოვრობს კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი ტიფანი

სოციალურ ქსელში  გავრცელებულ ფოტოებში კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი ტიფანი მერიის ეზოში გალიაში ჩაკეტილი ჩანს. ფოტოები რამდენიმე საათის წინ ფეისბუკზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც მერიას, ასევე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რათა გაერკვია, თუ რატომ იმყოფება ძაღლი სახელად ტიფანი გალიაში.

ტიფანი ჯერ კიდევ თებერვალში თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის თავშესაფრიდან მერიის შენობაში მიიყვანა. თავდაპირველად ლეკვი მერიის შენობის სართულებზე დარბოდა, მათ შორის დედაქალაქის მთავრობის სხდომებს “ესწრებოდა”, თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ტიფანი მერიის ეზოში, გალიაშია მოთავსებული.

ფოტო: ეკატერინე ჯოჯუა

ტიფანის გალიის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა. მათი თქმით, ძაღლი მხოლოდ პიარისთვის გამოიყენეს.

როგორც აღმოჩნდა, ტიფანიზე პასუხისმგებელი ჯერ კიდევ მონიტორინგის სამსახურია. როგორც ნეტგაზეთს სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, ტიფანის ორი გალია აქვს მერიის ეზოში, ერთ-ერთი მათგანი კი სურათზე ნაჩვენებ გალიაზე რამდენჯერმე დიდია.

მისივე თქმით, ტიფანის რამდენიმე მომვლელი, კინოლოგი და გამსეირნებელი ემსახურება, რომელიც ძაღლს დღეში 2-ჯერ ასეირნებს. ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ცხელ დღეებში ძაღლის ასფალტზე განთავსებულ გალიაში ყოფნა, ლომჯარია პასუხობს, რომ როდესაც გალიას მზე ადგება, ტიფანი იქ არ იმყოფება.

ტიფანი კახა კალაძემ 2018 წლის თებერვალში წამოიყანა. როგორც ლომჯარიამ განგვიმარტა, ძაღლს ჭირი სჭირდა და რომ არა თბილისის მერი, მას ევთანაზია ემუქრებოდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ არის ძაღლის განკურნება მერის დამსახურება და არა თავშესაფრის პასუხისმგებლობა, ვახტანგ ლომჯარია ხსნის, რომ ჭირი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა და ამ შემთხვევაში სხვა ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მისივე ინფორმაციით, ტიფანი თავშესაფარში მოყვანიდან მალევე მერიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი