ახალი ამბები

სესი საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებაზე ინფორმაციას უარყოფს

12 ივლისი, 2018 • 3003
სესი საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებაზე ინფორმაციას უარყოფს

ჰიპერმარკეტი “აგროჰაბი” აცხადებს, რომ ნიტრატების გადაჭარბებული ზღვრული მაჩვენებლის გამო საზამთროს გაყიდვაზე უარს აცხადებს. საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებულ რაოდენობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ “მომხმარებელთა დაცვის ასოციაციაშიც” გააკეთეს. ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების დოზა დაშვებულზე 3-4-ჯერ მეტია.

ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ პორტალ “კვირის” პრესკლუბში ისაუბრა. მიქაძის თქმით, სააგენტო სხვადასხვა ხილს ამ მაჩვენებელზე ამოწმებს, თუმცა გადაჭარბება არ ფიქსირდება:

“რაც შეეხება საზამთროში, ნესვსა თუ ზოგადად, ხილში ნიტრატების შემცველობას – ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამა: წლის განმავლობაში 60-მდე ნიმუში უნდა ავიღოთ, 20-მდე ნიმუში უკვე აღებულია. დარღვევა,ჯერჯერობით ნიტრატების ნაწილში არ გვაქვს. ჩვენ ნიმუშებს ვიკვლევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებში” – ამბობს მიქაძე.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ ტარდება კვლევა. კერძოდ, ის აკრედიტებულ ლაბორატორიაშია ჩატარებული თუ ნიტრატმზომით ხდება შემოწმება.

მიქაძის განმარტებით, აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევა ზუსტია, ხოლო თუ საზამთროში ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, აქ დიდი ცდომილება იქნება, დაახლოებით 30%-მდე:

“თუ ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, მაგალითად, საზამთროში, მას დიდი ცდომილება აქვს.
თუ ნიტრატები გაზომილია ნიტრატმზომით, ამ შემთხვევაში გაზომვის მეთოდიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ რომ საზამთროს ქერქში ჩავარჭოთ ნიტრატმზომი, იქ მოგვცემს ნიტრატების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე გულში. საზამთროს ქერქს არავინ მიირთმევს.

ნიტრატი ძალიან არამდგრადი ფორმაა, რომც იყოს ჭარბი რაოდენობით ხილში, საზამთროში, ბოსტნეულში, შეგვიძლია, რამდენიმე დღე გავაჩეროთ ის და ნიტრატი დაიშლება“, – განაცხადა მიქაძემ “კვირის” პრესკლუბში.

მასალების გადაბეჭდვის წესი