ლენტეხში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე არ მომხდარა

ლენტეხში, სოფელ ზესხოსთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არაა ლოკალიზებული. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი უშლის ხელს. ადგილზე მეორე დღეა მუშაობს 200-მდე მეხანძრე მაშველი.

ხანძრის  ქრობის პროცესში ჩართული არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან. ადგილზეა სპეციალური ტექნიკა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. გუშინ, 11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2,5 ჰა ფართობი იყო დამწვარი. ჯერჯერობით უცნობია, რა ტერიტორიაზეა ცეცხლი გავრცელებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.