ახალი ამბები

თურქეთში ოსმალეთის იმპერიის სასახლეთა ნაწილი ერდოღანის განკარგულებაში გადავა

12 ივლისი, 2018 • 3574
თურქეთში ოსმალეთის იმპერიის სასახლეთა ნაწილი ერდოღანის განკარგულებაში გადავა

თურქეთის ისტორიული ნაგებობების ნაწილი პრეზიდენტის განკარგულებაში გადადის. აღნიშნულ ცვლილებას ახალი საკანონმდებლო დადგენილება N703 ითვალისწინებს.

დადგენილების მიხედვით, პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ნაგებობების ნაწილს – სასახლეებს, ვილებსა და პავილიონებს განკარგავს. ღირსშესანიშნაობათა შორისაა დოლმაბაჰჩესა და ბეიელერბის სასახლეები სტამბოლში და ბეშთეფეს სასახლე ანკარაში. ამასთან, პრეზიდენტს გადაეცემა მუსტაფა ქემალ ათათურქის ორი რეზიდენცია სტამბოლსა და იალოვაში.

გასული 85 წლის განმავლობაში ზემოთ მოცემულ და სხვა ნაგებობებს თურქეთის საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა განკარგავდა. ცვლილების შემდეგ გაუქმდება ეროვნული სასახლეების დეპარტამენტი, რომელსაც ამჟამად უკვე პრეზიდენტის განკარგვის ქვეშ მყოფი სასახლეების პატრონობა ებარა.

ცვლილების შეფასებისას თურქეთის მთავარი ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბაშაქ ქაიამ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება ღირსშესანიშნაობებს ართმევს რესპუბლიკას.

“სასახლეები ერს წარმოადგენს. ათათურქმა სასახლეები რესპუბლიკასა და ერს გადასცა, პარლამენტს დაუკაშვირა. ახლა პირიქით ხდება, ამ პროცესით ისინი რესპუბლიკისგან უკან ბრუნდებიან”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი