ახალი ამბებიკომენტარი

MAP არის ფორმალობა და პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი – შოთა ღვინერია

12 ივლისი, 2018 • 4352
MAP არის ფორმალობა და პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი – შოთა ღვინერია

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის” უფროსი მკვლევარი შოთა ღვინერია ამბობს, რომ ბრიუსელის დეკლარაცია რევოლუციური არ არის, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ნატოს 2018 წლის სამიტი უფრო შიდასამზარეულოს ეთმობოდა, ვიდრე პარტნიორებს.

შოთა ღვინერია ხაზს უსვამს ტრამპის ადმინისტრაციის სპეციფიკურ დღის წესრიგს ნატოსთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი მუდმივად აკეთებს აქცენტს იმის თაობაზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილი მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე არ ხარჯავს. შესაბამისად, მისი თქმით, მთელი სამიტი და მისი სამზადისი  ვალდებულებების შესრულებაზე იყო ფოკუსირებული.

შოთა ღვინერია გამოყოფს სამიტის დეკლარაციის რამდენიმე ნაწილს, რომელიც მისი შეფასებით პოზიტიურია საქათველოსთვის, მაგალითად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან თემად გამოიკვეთა.

რაც შეეხება მაპ-ის საკითხს, დეკლარაცია ამბობს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მაპი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება. შოთა ღვინერია ყურადღებას ამახვილებს პარაგრაფის გაგრძელებაზე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად – როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი:

“[საქართველოს] ყოველწლიური პროგრამა არის აბსოლუტური ანალოგი იმ მექანიზმისა, რომელიც მაპ-ში გაწევრიანებულ ქვეყნებს აქვს. მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი და აბსოლუტური ფორმალობა.  როდესაც დეკლარაციაში წერია, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია წევრობისთვის მოსამზადებლად, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მაპი წევრობისთვის მოსამზადებლად არ სჭირდება. მაშინ, როდესაც ალიანსი მიიღებს  გადაწყვეტილებას დაპატიჟოს საქართველო, ამ მიპატჟების პროცესის ნაწილი გახდება მაპი და ფორმალურად გაწევრიანების პირობების შეთანხმება მოხდება მაპის პროცესის ფარგლებში”- ამბობს ღვინერია ნეტგაზეთთან საუბრისას.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

1992:  ნატო-საქართველოს ურთიერთობები ამ დროიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი ;

1994: საქართველო გახდა ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PfP – Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე.

2002: ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004:   29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში თანამშრომლობა.

 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“.


საზოგადოებრივი აზრი:

2018 წლის მარტში NDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის 65 %-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი:

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი