ახალი ამბები

“ერთი ფერის ტაქსები?” – რა რეგულაციების დაწესებას გეგმავს მერია

12 ივლისი, 2018 • 3088
“ერთი ფერის ტაქსები?” – რა რეგულაციების დაწესებას გეგმავს მერია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მალე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, რა რეგულაციებს დაუწესებს დედაქალაქის მთავრობა თბილისში მომუშავე ტაქსის კომპანიებსა და ინდივიდუალურ მძღოლებს.

როგორც “ტაქსიფაის” დამფუძნებლებმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადეს, კომპანიების წარმომადგენლები ამ საკითხებზე სასაუბროდ მერიაში რამდენიმე შეხვედრას უკვე დაესწრნენ.

“ტაქსიფაის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა აზნაურაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებული რეგულაციები მეტწილად ყველა მხარისთვის მისაღებია. თუმცა მიიჩნევს, რომ საწყის ეტაპზე აუცილებელია ტაქსისა და ე.წ. “რაით შეარინგის” (მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეთავაზებული გადაყვანის სერვისი) სერვისების გამიჯვნა მოხდეს:

“შემოთავაზებული რეგულაცია პირველ ეტაპზე ითვალისწინებს იმას, რომ უნდა გვქონდეს ყვითელი ტაქსის სანიშნე, ასევე, ლიცენზია და 2019 წლიდან, სავარაუდოდ, უნდა იყოს ერთი ფერი. მაგრამ ღია კითხვებია დარჩენილი. ვფიქრობ, ჯერჯერობით საუბარი იმის განსაზღვრაზეა, რა არის ტაქსი. ეს ყველა ქვეყანაში მოხდა, ამ პრობლემას ყველა წააწყდა და სხვადასხვანაირად გადაჭრეს. თბილისში, ჩვენი ინფორმაციით, არსებობს ტაქსის კომპანიები, რომლებსაც მაქსიმუმ 500 მანქანა აქვს და ე.წ. “რაით შეარინგით” [მუშაობს], აპლიკაციით ვინც მოძრაობს” – ამბობს აზნაურაშვილი “ტელეკომპანია პირველის” ეთერში.

“ტაქსიფაის” დამფუძნებლები აცხადებენ, რომ “რაით შეარინგს” თბილისში ყოველდღიურად 10 000 მძღოლამდე იყენებს და ამ კუთხით დღეს საქართველოში რეგულაციები არ არსებობს. მათი თქმით, კარგი იქნება, თუ მერია გაითვალისწინებს სხვა ქალაქების გაომცდილებას. “ტაქსიფაის” დამფუძნებლების აზრით, ყველაზე მისაღები ესტონური მოდელის შემოღება იქნება.

“ლიცენზია ტაქსისტსაც სჭირდება და “რაით შეარინგსაც”. განსხვავება ისაა, რომ ტაქსისტს აუცილებლად ნიშანი და მრიცხველი უნდა ჰქონდეს და ვინც “რაით შეარინგზე” მუშაობს, მას არ აქვს ნიშანი, აპლიკაციით მუშაობს, მაგრამ ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება არ აქვს. ამით ძალიან მარტივად გამიჯნეს. თუ მძღოლს უნდა, რომ [აპლიკაციის გარდა] ქუჩაზეც იმუშაოს, მიდის, იხდის ლიცენზიის გადასახადს, იღებს ნიშანს და მრიცხველს ყიდულობს” – ამბობს “ტაქსიფაი საქართველოს” თანადამფუძნებელი ბესო პაპიაშვილი.

მისი თქმით, თბილისში მრიცხველიანი ტაქსები ბაზრის 1-2%-ს შეადგენენ და კანონმდებლობის მათზე მორგება არასწორი იქნება. რაც შეეხება ინდივიდუალურ მძღოლებს, რომლებიც ქუჩებში მოძრაობენ და მგზავრებს ემსახურებიან, “ტაქსიფაი საქართველოს” თანადამფუძნებლის აზრით, თუ მერია მათ ერთი ფერის მანქანების ქონას დაავალდებულებს, უმუშევრები დარჩებიან:

“კარგი ის არის ამ დისკუსიებიდან მერიაში, რომ  შეთავაზებებისთვის ღია არიან. რა გავლენა ექნება ინდივიდუალურ  ტაქსისტებზე ამ რეგულაციას? თუ ისეთი ფორმით იქნება, როგორიც [ახლა] არის შემოთავაზებული, რომ ყველას ერთი ფერის მანქანა უნდა ჰქონდეს, ალბათ სადღაც  85-90% 2019 წლის ოქტომბერში უმუშევარი დარჩება. მაგრამ, მიზანს აბსოლუტურად ვეთანხმებით, რომ მანქანა, რომელსაც მგზავრი გადაჰყავს, ტექნიკურად გმართული უნდა იყოს. თუმცა ამ მხარეს უკვე მივდივართ. 2019-ის იანვრიდან მაინც სავალდებულო იქნება ტექდათვალიერება და ის იდეები, რაც მერიას ჰქონდა, მომხმარებელზე ზრუნვაა” – ამბობს კახა აზნაურაშვილი.

აზნაურაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, რატომაც სურს მერიას ქალაქში ერთი და იმავე ფერის ტაქსები მოძრაობდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ “რაით შეარინგის” გამიჯვნა არ მოხდება, ამ რეგულაციით ქალაქი კიდევ უფრო აჭრელდება:

“თუ რატომ სურს მერიას ტაქსის ფერთან დაკავშირებული რეგულაციის მიღება, ეს გასაგებია, რომ მათ უნდათ ქალაქის იერსახისთვის ჰქონდეს ერთი და იგივე ფერის მანქანები. თუმცა, თუ არ გაიმიჯნა ჩვეულებრივი და “რაით შეარინგის” ტაქსები, მაშინ ეს რეგულაცია არ მოემსახურება იმ მიზანს, რომ ქალაქის იერსახე შეიცვალოს. ახლანდელი მძღოლების 80%-ს საერთოდ არ აქვთ ტაქსის ნიშანი და თუ მათ დავავალდებულებთ იმას, რომ მანქანა გადაღებონ, ან ზედ რამე დააწერონ, ან ტაქსის ნიშანი დაადგან, მივიღებთ უფრო მეტად აჭრელებულ ქალაქს, ვიდრე დღეს არის. თუ იქნება სტანდარტი, რომ უნდა იყოს თეთრი კონკრეტული მოდელის მანქანა და მას ექნება მხოლოდ ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება, კი ბატონო, მაგრამ რაით შეარინგის მიმართულებით ამას კარგი შედეგი არ ექნება. ” – განაცხადა კახა აზნაურაშვილმა “საქმიმან დილაში“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თბილისის მერიას და იკითხა, იგეგმება თუ არა ტაქსის მანქანის ფერზე გარკვეული რეგულაციების დაწესება, რაზეც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მალე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, რა რეგულაციებს დაუწესებს დედაქალაქის მთავრობა თბილისში მომუშავე ტაქსის კომპანიებსა და ინდივიდუალურ მძღოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი