ახალი ამბები

კუპრავა უსაფრთხოების სამსახურს მოწამვლაში ადანაშაულებს, სუსი ბრალდებას უარყოფს

12 ივლისი, 2018 • 2479
კუპრავა უსაფრთხოების სამსახურს მოწამვლაში ადანაშაულებს, სუსი ბრალდებას უარყოფს

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელმა ყავაში საწამლავი ჩაუყარა, ხოლო ამის შემდეგ მთავარი მოწმე გაიტაცეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სუსი ბრალდებას უარყოფს.

როგორც სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, 6 ივნისს, ევროპიდან თბილისში დაბრნებისას, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა გადაღლილობის გამო კარავში დასვენება გადაწყვიტა. ზვიად კუპრავას თქმით, იქ მყოფებმა ყავა შესთავაზეს, რასაც სიამოვნებით დათანხმდა და 10 წუთში მიტანილი ყავა გასინჯა, ხოლო ფეხზე წამოდგომის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო:

“ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ყავას, სეზონის მიუხედავად, მუდმივად გრილს ვსვამ და ვინაიდან მოტანილი ყავა ცხელი იყო, ორი მცირე ყლუპის მოსმის ჩემდეგ ჩამოვდე საწოლის რკინის კონსტრუქციაზე, სადაც მე ვიწექი… დაახლოებით 10 წუთში უკვე მოვიძიე ჩემი გაგრილებული ყავა, მაგრამ ვნახე, რომ მუყაოს ჭიქა, რომელშიც ყავა ესხა, ჩამოვარდნილი ეგდო ძირს, იატაკზე. გული დამწყდა და ავდექი, რა დროსაც თავბრუ დამეხვა და თავი შეუძლოდ ვიგრძენი… მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და იქვე მდგარ ჯიმი დელიბაშვილს ვთხოვე გავეყვანე კარვიდან. არ მსურდა ჩემი ცუდად გახდომა კარავში ვინმეს შეემჩნია და პანიკა ამტყდარიყო, რადგან ჩემი მოწამვლით გამოწვეული პანიკა ავტომატურად კარვების დაცლას გამოიწვევდა.

ჯიმიმ გამიყვანა გარეთ და ქაშუეთის უკან, ბაღში გავედით. სიმპტომები მემატებოდა, მაგრამ შინაგანი რწმენა მქონდა, რომ მოწამლული ყავა ვერაფერს მიზამდა, რადგან ვიცოდი, მისი მხოლოდ მცირე დოზა, დაახლოებით 5-7% მქონდა მიღებული და ვიმედოვნებდი, რომ ორგანიზმს ვერ მოერეოდა. დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ უკეთ გავხდი და კარავში დავბრუნდი… ჩემთვის გასაგები იყო ყველაფერი, რაც მოხდა… და დავიწყე მტკიცებულებების მოგროვება,” – წერს ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავა. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მისი თმქით, მალევე რუსთაველი- ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე მდებარე ბიოტუალეტში ადმინისტრაციულად დააკავეს და 14 დღით იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუყვა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ: “თუმცა, ამავდროულად, ვთხოვე, ფაქტი არ გაეხმაურებინა, რადგან შესაძლო იყო ჩემს გამოსვლამდე მტკიცებულებები გაენადგურებინათ…”

ზვიად კუპრავას განცხადებით, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე ამ საქმის ბოლომდე მიყვანით დაკავდა:

“მთავარი პირი, ვინც მე ყავა მომიტანა, ჩემი მოწამვლის ფაქტს ძალიან განიცდიდა. ის, როგორც მოწმე, სახალხო დამცველს მივუყვანე, რომელმაც დეტალურად მოუყვა ომბუდსმენს, რომ ყავა, რომელიც მან მე მომიტანა, ყიდვის შემდეგ მისმა ყოფილმა მეგობარმა, სუსის თანამშრომელმა (პიროვნება იდენტიფიცირებულია) გამოართვა და მთელი გზა, მიწისქვეშა გადასასვლელიდან კარვამდე, მას ეჭირა ხელში.

ომბუდსმენთან ვიზიტის შემდეგ, 27 ივნისს, გამთენიისას მთავარი მოწმე ორმა პირმა კოსტავას ქუჩიდან გაიტაცა, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ კოჯორში, კონსპირაციულ სახლში მიიყვანეს (სახლი იდენტიფიცირებულია), სადაც ოთახებში ათეულობით ლეპტოპი იყო, რომელშიც სხვადასხვა პირების, მათ შორის გატაცებული მოწმის ფეისბუქ აქაუნთი იყო გახსნილი…”

როგორც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, პირები, რომლებიც ასევე იდენტიფიცირებული არიან მისი მხრიდან, მთავარი მოწმისგან ითხოვდნენ ომბუდსმენის ოფისში მიცემული ჩვენების უარყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და აყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მოწმის გატაცება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა დადასტურებულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ხოლო პროკურატურამ გამოძიება სწორედ ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთია 333-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს: “დანარჩენ მუხლებს და მტკიცებულებებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროებ…”

კუპრავა უახლოეს პერიოდში მისი შესაძლო მოწამვლის საქმის სკანდალური დეტალების გასაჯაროებას აანონსებს და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის აქამდე არგახმაურება მხოლოდ და მხოლოდ მტიცებულებების მოგროვებას ისახავდა მიზნად.

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზვიად კუპრავას ბრალდებებს უარყოფს. როგორც სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, პიროვნება, რომელსაც სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს, მათი თანამშრომელი არ არის.

უსაფრთხოების სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ნეტგაზეთი ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი