ახალი ამბებირეკლამა

საზაფხულო სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის

12 ივლისი, 2018 • 2298
საზაფხულო სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის

„სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ – ეს არის პროექტი, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში  ინტეგრაციაზე ზრუნავს.

ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებსაც მოსმენის, გაგებისა და ენა/მეტყველების უნარები ბუნებრივად უვითარდებათ, კოხლეარული იმპლანტის მქონე  ბავშვებს ამ უნარების გასავითარებლად სპეციალისტების დახმარება სჭირდებათ. თუმცა, რეაბილიტაციის პროცესში მშობლის ჩართულობის გარეშე, რთულია მარტო სპეციალისტმა შეძლოს ბავშვის საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

საზაფხულო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

საზაფხულო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

სწორედ მშობლების ცოდნის ამაღლებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები:„ველფეარ ფაუნდეიშენი“, „სთეფ ფორვარდი“, „თაირისი“ და „თანაზიარი“ უკვე მესამე წელია აწყობენ საზაფხულო სკოლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. წლევანდელ საზაფხულო სკოლაში, რომელიც გონიოში ჩატარდა,  მონაწილეობდა კოხლეარული იმპლანტისა და სასმენი აპარატის მქონე 19 ბავშვი და მათი მშობელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

საზაფხულო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც  მშობლები აღნიშნავენ, მთელი კვირა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო სავსე, ხოლო ყოველი ინდივიდუალური გაკვეთილი ახალი ცოდნის მიღების საშუალებას იძლეოდა.  მეცადინეობისგან თავისუფალ დროს ბავშვებისთვის თამაშების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მოხალისე-სტუდენტები ზრუნავდნენ.

წლევანდელ საზაფხულო სკოლაში, რომელიც გონიოში ჩატარდა

ბავშვზე მორგებული იყო და სახალისოდ  წარიმართებოდა უშუალოდ სმენისა და ენა/მეტყველების გაკვეთილები, რომელსაც კიევის ოტოლარინგოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი ნინა შეპელენკო და ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ მეტყველების თერაპევტი მარინე  მეგრელიშვილი უძღვებოდნენ. სმენისა და მეტყველების გაკვეთილები ორ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობად იყოფოდა. ჯგუფური მუსიკალური გაკვეთილების პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ ბავშვები ენთუზიაზმით ერთვებოდნენ სმენითი აღქმის, ენისა და მეტყველების უნარების განმავითარებელ აქტივობებში.

ინდივიდუალური გაკვეთილების მთავარ ამოცანას  სპეციალისტის მიერ მშობლისთვის იმ ცოდნის (იმ სავარჯიშოების/აქტივობების) გადაცემა/გაზიარება წარმოადგენდა, რითიაც შემდგომ მშობელი ბავშვთან დამოუკიდებლად მუშაობას შეძლებდა.

საზაფხულო სკოლა 2018 ერთკვირიანი იყო

საზაფხულო სკოლა 2018 ერთკვირიანი იყო

პროექტის მონაწილე 4 წლის ლიზის დედა ამბობს: „საზაფხულო სკოლაში მონაწილეობამდე არ ვიცოდი, რა სავარჯიშოები გამეკეთებინა ლიზისთან, როგორ მემუშავა მისი სმენისა და მეტყველების განვითარებაზე. ახლა ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ყველაფერს ვითვალისწინებ, რაც ქალბატონმა მარინამ მასწავლა. თან ლიზისთვისაც სახალისო გახდა სავარჯიშოების კეთება, რადგან რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული მეთოდი ბავშვზეა მორგებული. საზაფხულო სკოლის დროს ლიზის იმდენად მოსწონდა გაკვეთილები, რომ სულ კარებთან ელოდებოდა, ერთი სული ჰქონდა, როდის შევიდოდა“.

წლევანდელმა საზაფხულო სკოლამ, ბავშვების საკომუნიკაციო უნარების განვითარებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცოხვრები, მსგავსი პრობლემების მქონე მშობლებს შორის ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. ხოლო სტუდენტებს მისცა საშუალება, პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა, რაც სამომავლო პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარება.

წინამდებარე სტატია მომზადებულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ  „ველფეარ ფაუნდეიშენი“ და პუბლიკაციის შინაარსის ევროკავშირის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი