ახალი ამბები

ომბუდსმენი ხორავას საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს

12 ივლისი, 2018 • 1857
ომბუდსმენი ხორავას საქმეზე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესაძლოა გამოძიების ტაქტიკა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არ იყო საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძის პასუხები, რომლებიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებს გასცა.

კერძოდ, ომბუდსმენის შეფასებით,  გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვერ გასცა დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რაც ჩაატარა სხვა პირების ,მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ.

“სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია, კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა” – თქვა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით, ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი:

[crosslist]

  • არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას;
  • არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია;
  • არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები;
  • არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;
  • არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;
  • არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა ;
  • არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსიკახაბერ სირაძე;
  • გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.;
  • გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.;
  • გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი- დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ
    შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);
  • არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის;
  • გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დ.ღ. – იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;
  • გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. – იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა;
  • გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა;
  • არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს გამოძიებამ იცოდა დაზიანების
    შესახებ და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;
  • არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ. [/crosslist]

ომბუდსმენის შეფასებით, ამ ჩამონათვალზე დაყრდნობით,  ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება, რომ  რომ გამოძიების ტაქტიკა არ იყო ეფექტური:

“შედეგად მივიღეთ არაეფექტური გამოძიება, რაც ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის საფუძველია. სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა:

სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება მოვალეობების შესასრულებლად” – აცხადებს სახალხო დამცველი.

გამომდინარე აქედან,  სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი