სამღვდელოების მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით ათენიდან რუს დიპლომატებს გააძევებენ

საბერძნეთი აპირებს, რომ 4 რუს დიპლომატს ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალოს, რადგან მათ საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ხელის შეშლასა და საბერძნეთის ეკლესიის სამღვდელოების მოსყიდვაში სდებენ ბრალს.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მიღწეული შეთანხმება იმის პირობაა, რომ მაკედონიას გზა გაეხსნება ნატოს წევრობისკენ, რაც ბალკანეთზე რუსეთის ინტერესებს შეასუსტებს.

ბერძნული გამოცემა “კათემერინის” ცნობით, საბერძნეთი აპირებს, რომ გააძევოს 2 დიპლომატი, ხოლო 2–ს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. ერთ-ერთ გაძევებულ დიპლომატს შორის რუსეთის საელჩოს მაღალჩინოსანი ვიქტორ იაკოვლევია.

“კათემერინი” სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი დიპლომატები ცდილობდნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, საბერძნეთის ეკლესიის მიტრპოლიტების მოსყიდვას და ათონის მთის მონასტრებში პოზიციების განმტკიცებას, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის შეთანხმებას.

იმ  ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საბერძნეთში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობენ, “კათემერნიმა” დაასახელა  “პალესტინის მართლმადიდებლური საიმპერატორო საზოგადეობა”. ეს ორგანიზაცია კავშირებს ამყარებს ახლო აღმოასვლეთის ქრისტიანებსა და რუსეთს შორის.

რუსული გამოცემა “ტას” რუსეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის საპასუხოდ რუსეთი  ბერძენ დიპლომატრებს გააძევებს ქვეყნიდან.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იუწყება, რომ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიანიშნა,რომ მანამდეც იცოდა, რუსეთი რომ იდგა რამდენიმე საპროტესტო აქციის უკან, თუმცა მაკედონიას არ სურს არავისთან კონფლიქტი.

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ვამყარებთ მეგობრობას ყველასთან. ნატოს წევრობას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ზორან ზაევმა.

2018 წელს ნატო შეთანხმდა, რომ მიიწვევენ მაკედონიას ნატოში გასაწევრებლად. მაკედონიის სახელი იყო განხეთქილების საგანი საბეძნეთსა და მაკედონიას შორის. საბერძნეთი აცხადებდა, რომ სახელდება “მაკედონია” ტოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ მას პრეტენზია განეცხადებინა საბერძნეთის პროვინცია მაკედონიაზე.

შეთანხმების მიხედვით, “ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას” “ჩრდილოეთ მაკედონია” ეწოდა. სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთსა და მაკედონიაში შემოდგომით მნიშვნელოვანი რეფერენდუმია დანიშნული. შეთანხმებას მოწინააღმდეგეები ჰყავს ორივე ქვეყანაში. მაკედონიაში მთავრობას ღალატში ადანაშაულებენ და ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიის საქმიანობას რეფერენდუმის მომზადებაში.

საბერძნეთში კი შეთანხმება სეწინააღდეგება “დამოუკიდებელი ბერძნების” 7 დეპუტატი და  მმართველი პოლიტიკური ძალის “სირიზაში” შემავალი მცირე ჯგუფიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com