ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე

12 ივლისი, 2018 • 1029
რაზე ისაუბრეს მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე

დღს, 12 ივლისს, ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრის ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობაზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ, საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიაღწია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისათვის, საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის.

ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და, შესაბამისად, ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი