ახალი ამბები

ტექნოლოგიებზე აგებული ეკონომიკა და სოფლის განვითარება – გიორგი ქობულიას პრიორიტეტები

12 ივლისი, 2018 • 2457
ტექნოლოგიებზე აგებული ეკონომიკა და სოფლის განვითარება – გიორგი ქობულიას პრიორიტეტები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გიორგი ქობულია წარადგინა. ის ბოლო 18 წლის მანძილზე ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “McKinsey & Company”-სთან თანამშრომლობდა. ქობულია კომპანიის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებდა.

მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის სფეროს განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და პრიორიტეტებად დაასახელა სოფლის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება. მისი თქმით, ყურადღება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ მოსახლეობაში შემოსავლების თანაბრად განაწილებასაც დაეთმობა.

“…ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რაიონის განვითარებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებში და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, აგრეთვე  ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად.

ამასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა კერძოდ ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვებ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას საქართველოში.

რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა- დაკავშირებული რაიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან- მოითხოვს ჩვენგან სერიოზულ ინვესტირებას განათლებაში და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რა უნდა გაკეთდეს, ამის გარდა ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავგეგმავთ ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ის, რასაც დავგეგმავთ, იყოს შესრულებული.

მინდა ვთქვა, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში, ვმოღვაწეობდი მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც უწევს მომსახურებას მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. მე თვითონ პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. ეს პრობლემები ეხებოდა როგორც მათი მართვის სისტემებს, ასევე მათ სტრატეგიას, საოპერაციო და ძალიან დეტალურ საქმიანობის ეფექტურობის ამაღებას. მე ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, ძალიან შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობაში, სადაც 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მხოლოდ სამი ახალი მინისტრი წარადგინა.

კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს გიორგი ქობულია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია “მაკკინზის” უფროსი პარტნიორი.

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდება, აღნიშნული სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს უერთდება. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ის განათლების სამინისტროსთან გაერთიანდა, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწევა მინისტრ მიხეილ გიორგაძეს.

შემცცირებული სამინისტროები და მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა დაამტკიცოს.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი