აფხაზური მხარე რუსი მესაზღვრეების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის მდივანმა დანილ უბირიამ და პალატის წევრმა მანანა გურგულიამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთს ელჩთან, ალექსეი დვინიანინთან შეხვედრის დროს, აფხაზურ-რუსულ საკონტროლო პუნქტზე მომუშავე მესაზღვრეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს.

“ბევრი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის განხეთქილება მოხდეს. დღეს ამისთვის საზღვრის გადაკვეთის საკითხიც კი მოჰყავთ მაგალითად. ხშირად ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც, ამ მხრივ, სირთულეს არა უშუალოდ საზღვრის გადაკვეთაში, არამედ დამოკიდებულებაში ხედავენ. რუსულ საზღვარზე მომუშავეთა დამოკიდებულებაში ჩვენი მოქალაქეების მიმართ. დიახ, ისინი საკუთარ ვალდებულებებს ასრულებენ, მაგრამ როგორ? არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩანაწერთა წიგნში დადებითი გამოხმაურება დაეწერა. საჩივრები კი უამრავია. სწორედ ასეთი წვრილმანებით იქმნება შთაბეჭდილება”, – ამბობს უბირია.

მას მხარი საზოგადოებრივი პალატის წევრმა მანანა გურგულიამაც დაუჭირა.

“როდესაც ამ თემას ვეხებით, მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ მარტივი გადაადგილება, ჩვენ  ხშირად ვაწყდებით სუბიექტურ დამოკიდებულებას მესაზღვრეების მხრიდან”.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი ალექსეი დვინიანინი შეეცადა რუსი მესაზღვრეები გაემართლებინა. როგორც მან თქვა, რუსი მესაზღვრეები, მესაზღვრეთა მიმართ მოთხოვნების შესაბამისად იქცევიან და ამაში გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება რუსი მესაზღვრეების მიმართ აფხაზების პრეტენზიებს, ისინი ძირითადად მდგომარეობს მათთვის დასმულ მრავალრიცხოვან კითხვებში და დაკითხვებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი