ტრამპი ამბობს, რომ გერმანიას რუსეთი აკონტროლებს -როგორ პასუხობს მერკელი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკრიტიკებს გერმანიას რუსული გაზზე დამოკიდებულების გამო და აცხადებს, რომ გერმანია ტოტალურად კონტროლდება რუსეთის მიერ, რაზედაც მერკელი პასუხობს, რომ გერმანია დამოუკიდებელი ქვეყანაა.

ტრამპმა ეს განცხადება 11 ივლისს, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალური საუზმის დროს გააკეთა.

“გერმანია ტოტალურად კონტროლდება რუსეთის მიერ, რადგან ისინი 60% – 70%-მდე გაზს, ენერგიას მიიღებენ რუსეთისგან და ახალი მილსადენიდან”, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს “ნატოსთვის ძალიან ცუდია”.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელიმ საპასუხოდ აღნიშნა,  რომ აქვს იმ დროის გამოცდილება, როცა გერმანიის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა, თუმცა ის ახლა დარწმუნებულია, რომ მთელი ქვეყანა დამოუკიდებელია. მერკელმა ასევე აღნიშნა გერმანიის წვლილი ალიანსში.

ბიბისის ცნობით, გერმანია ბუნებრივი აირის 60% -ს რუსეთიდან იღებს, ხოლო დანარჩენს- ნორვეგიიდან, თუმცა გერმანიის ენერგეტიკის 20 %-ზე ნაკლები მოდის ბუნებრივ აირზე.

ბიბისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გერმანიის ენერგეტიკა სხვადასხვა ტიპის ენერგიის მიქსია – 40% ქვანახშირი, 30% განახლებადი ენერგიები, 20%-ზე ნაკლები ბუნებრივი აირი და 10 % ბირთვული ენერგია.

თუმცა ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას მიიღებს გერმანია ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი მილსადენის [Nord Stream 2] მშენებლობის შედეგად. სწორედ ეს მილსადენი ახსენა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი კრიტიკის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ელაპარაკება გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს  ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის დროს ფოტო სესიაზე. 11 ივლისი, ბრიუსელი, ბელგია. ფოტო: EPA-EFE/CHRISTIAN BRUNA

 


მთავარი ფოტო: ნატოს ბრიუსელის სამიტამდე, ივნისში, დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრიდან ეს ფოტო გავრცელდა

დიდი შვიდეულის ლიდერები 09.06.18 ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი