ახალი ამბები

მიტროპოლიტი  გრიგოლი მზადაა მსჯავრდებულ  დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს

11 ივლისი, 2018 • 1984
მიტროპოლიტი  გრიგოლი მზადაა მსჯავრდებულ  დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადაა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს. ამის შესახებ ცნობას მიტროპოლიტის სამდივნო ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 10 ივნისს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ბატონმა მიხეილ რამიშვილმა, გაავრცელა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის განცხადება, რომლის თანახმადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს მღვდელმთავრებთან შეხვედრას და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას, რაც კი მის მიმართ არსებობს და დღემდე პასუხგაუცემელია.

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განსაკუთრებით სურს მეუფე გრიგოლთან შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას და მზაობას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოისმინოს მისგან ის დამატებითი ინფორმაცია, რაც (პატიმრის სიტყვის მიხედვით) დღემდე პასუხგაუცემელია”, – ნათქვამია მიტროპოლიტ გრიგოლის სამდივნოს გავრცელებულ განცხადებაში.

მიტროპოლიტი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, მამალაძის საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, პატიმართან შეხვედრის შემდეგ პასუხს გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, “როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან (თუ ეს თვით მამა გიორგის სურვილი იქნება), ასევე, საზოგადოდ, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი