ახალი ამბები

ქუთაისში ზურაბ ჭიაბერაშვილი და თენგიზ გუნავა დაკითხეს

5 თებერვალი, 2014 • • 1174
ქუთაისში ზურაბ ჭიაბერაშვილი და თენგიზ გუნავა დაკითხეს

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეების მოსმენა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, თენგიზ გუნავას დაკითხვით დასრულდა. 

 

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე ზურა ჭიაბერაშვილის ვერსია არათანმიმდევრული და დამაჯერებლობას მოკლებულია:

 

“ბრალდებულმა წარმოადგინა თავისი არათანმიმდევრული ვერსია დანაშაულთან დაკავშირებით. ეს ვერსია მოგონილი იყო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, არ იყო ლოგიკური და დამაჯერებელი. რაც შეეხება თავად გუნავას, ის მოტივირებული იყო, რომ თავის მეგობრებს დახმარებოდა, როგორც პროცესზე განაცხადა. ამ ადამიანს აგარაკთან შეხება საერთოდ არ ჰქონია და გამომდინარე აქედან, გაუგებარია მისი პოზიცია და მოსვლა აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით.”

 

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ გუნავა დაცვის მხარემ საგამონაკლისო უფლებით დაკითხა, რომელიც მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აქვს მინიჭებული:

 

“თენგიზ გუნავამ ძალიან კარგად ახსნა, რომ კვარიათში აგარაკზე სხვადასხვა პერიოდში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, მან აღწერა, რომ იგი იმყოფებოდა ბაჩანა ახალაიასთან ერთადაც, როდესაც ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მათ უმასპინძლა თემურ პატარიძემ და ამ ადამიანს მათთვის არც ერთ ჩასვლაზე უთქვამს, რომ აღნიშნული აგარაკი არ წარმოადგენდა სამინისტროს საკუთრებას, რომ ამ აგარაკს რაიმე სამართლებრივი პრობლემა ჰქონდა. ეს მიუთითებს იმას, რომ პატარიძე მთლიანად ცრუობდა, როდესაც განაცხადა, რომ მან მოახსენა ამის შესახებ სხვადასხვა თანამდებობის პირებს. სამინისტროში არ არსებობს პირი, რომელიც იტყვის, რომ ვინმემ იცოდა, რომ აგარაკს სამართლებრივი პრობლემა ჰქონდა.”

 

ჩივიაშვილის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულონი არიან.

 

თავის მხრივ, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ვანო მერაბიშვილს და მას გაამართლებს:


“მე დღეს სასამართლოს ძალიან მკაფიოდ განვუმარტე, რატომ შეიქმნა პროგრამა, როგორ ხორციელდებოდა, რა ამოცანები ჰქონდა, რატომ შეწყდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც დავასრულეთ და სასამართლოს სრულად აქვს წარმოდგენილი ის სურათი, რის საფუძველზეც გამამართლებელი განაჩენი უნდა იქნას გამოტანილი ჩემი და მერაბიშვილის მიმართ.”

 

მომდევნო სასამართლო პროცესი 7 თებერვალს ჩაინიშნა, როდესაც ბრალდების და დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს წაიკითხავენ, რის შემდეგაც განაჩენის გამოტანის თარიღი დადგინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი