საქართველოში EU-ს მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა – კვლევა

პროექტ “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს” ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა მოსახლეობაში ევროკავშირისადმი განწყობებს, ნდობის მაჩვენებელს, ინფორმირებულობის დონესა და სხვა მონაცემებს მოიცავს.

2018 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირისადმი დადებითად განწყობილია საქართველოს მოსახლეობის 49%. დადებითი განწყობა EU-ს მიმართ გასულ წელთან შედარებით (59%) 10%-ით არის შემცირებული.

მონაცემი ძირითადად შემცირდა ნეიტრალური დამოკიდებულების ზრდის ხარჯზე – თუ 2017 წელს ევროკავშირისადმი ნეიტრალურად გამოკითხულთა 34% იყო განწყობილი, ახლა ეს რიცხვი 43%-ს შეადგენს. უარყოფითი დამოკიდებულება კი მხოლოდ 2%-ითაა გაზრდილი და 5%-ს შეადგენს, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე (13%) ნაკლებია.

კვლევაში ზემოხსენებული მიზეზების შესახებ საუბარი არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, რა დროსაც წინა კვლევაა ჩატარებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების რეჟიმი ამოქმედდა.

2018 წელს EU-ს მიმართ დადებითი განწყობის მაჩვენებელი თითქმის 2016 წლის მონაცემზეა დასული – 2 წლის წინ ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება საქართველოში გამოკითხულთა 52%-ს ჰქონდა.

კვლევის მიხედვით, გაცილებით მაღალია ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი და ის 73%-ს შეადგენს. შედარებისთვის, რუსეთის მიერ შექმნილი ევრაზიული კავშირის მიმართ ნდობა 24%-ია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს დადებითად ახასიათებს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

კვლევის ავტორებმა გამოკითხულებს რამდენიმე განცხადება გააცნეს, რომელთა შესახებაც მათ საკუთარი დამოკიდებულება უნდა დაეფიქსირებინათ. მაგალითად, განცხადებას, “ევროკავშირი ხელს უწყობს ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას ჩვენს საზოგადოებაში”, გამოკითხულთა 59% ეთანხმება, 23% არც ისე ან საერთოდ არ იზიარებს, 18%-მა კი არ იცის. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 70% იზიარებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

კვლევაში ერთი ქვეთავი ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მაჩვენებელს ეთმობა. აღნიშნულის მიხედვით, ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე მეტს, 67%-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოს ფინანსურად ეხმარება; 47% ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კონკრეტულ პროგრამებს იცნობს, მათგან 59% კი ფიქრობს, რომ ეს დახმარება ეფექტურია. ეს უკანასკნელი მონაცემი 2016 წლის რიცხვს ემთხევევა, გასული წლის მაჩვენებელს კი 15%-ით ჩამორჩება – 2017 წელს 74% ფიქრობდა, რომ EU-ს დახმარება საქართველოსადმი ეფექტური იყო.

საქართველოს ნაწილი სრულად

პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირის დაფინანსებით ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კვლევისას გამოიყენება პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. თითოეულ ქვეყანაში კვლევის ავტორები შესაბამისი მეთოდოლოგიური შერჩევის შემდეგ 1000 ადამიანს ეკითხებიან აზრს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან