საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი

დღეს, 11 ივლისს, საპროკურორო საბჭოს 15-დან 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი შალვა თადუმაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის  პოსტზე წარსადგენად.

შალვა თადუმაძე 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის შვილის ნათლია არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარალელურად საპროკურორო საბჭოს წევრია.

მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი, შალვა თადუმაძე, შალვა შვგულიძე და ნინო გოგნიაშვილი, საპროკურორო საბჭოს წარუდგინა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ, რადგან მინისტრი ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა შალვა შავგულიძემ, რომელიც “ერვოპულმა საქართველომ” წარადგინა, პროტესტის ნიშნად დღეს კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწია.

კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

ბოლო მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები გაიმართა დავით სარალიძის მკვლელობის ადეკვატურად გამოძიების მოთხოვნით.

წულუკიანი: შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არაა, მე მისი შვილის ნათლია ვარ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.