გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული ყვება, როგორ დახოცა სმიტები – პროკურორი

“გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული დეტალურად ყვება, როგორ დახოცა სმიტების ოჯახი”, – ეს განცხადება სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის სასამართლოში გააკეთა, სადაც მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

თავად ბრალდებული ამბობს, რომ მას სმიტების ოჯახის წევრები არ მოუკლავს.

“ისინი მე არ დამიხოცავს. ისინი ორმა უცხო მამაკაცმა დახოცა და დამემუქრნენ, მშობლებს დაგიხოცავთო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეცვალა მან ჩვენება- ჯერ აღიარა, ხოლო შემდეგ უარყო ბრალი- იგი განმარტავს:

“ისინი მე არ დმიხოცავს. როცა ვეუბნებოდი სამართალდამცველებს, მე არ მომიკლავს-მეთქი, მეუბნებოდნენ, ტყუიხარო და ამიტომ გადავაკეთე ჩემი ჩვენება”, – ბრალდებულის ამ განცხადების შემდეგ პროკურორებს კითხვების დასმა სურდათ და ბრალდებული წამოდგა ფეხზე, თუმცა ადვოკატების მითითებით ისევ დაჯდა.

დაცვის მხარეს არ სურდა, რომ ბრალდებულს პროკურორების კითხვებისთვის ეპასუხა დარბაზში. მიუხედავად ამისა, როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებული არაერთხელ გამოიკითხება სასამართლო დარბაზში და იმედოვნებენ, რომ მისგან მიიღებენ დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალოს. ამასთან, ის კარგად იცნობს საქმის მოწმეებს და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც.

პროკურორების განცხადებით, ბრალდებული სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მისი თქმით, ის ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ კი თვითონ უჩვენა, სად იყო გადამალული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი. ამჟამად კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. პროკურორების ცნობით, ოჯახთან შეხვედრამდე ბრალდებულს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული

პროკურატურის ინფორმაციით, სმიტების ოჯახსა და მათ მკვლელობაში ბრალდებულს შორის ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების საფუძველი გახდა იარაღის მოხმარების წესის დარღვევა. საქმის პროკურორის თქმით, რაიან სმიტმა ახალგაზრდა მწყემსს შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

“ამ იარაღს ისე ატარებდა ეს პირი, რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება”, – განაცხადა პროკურორმა.


შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.