ახალი ამბები

ავტობუსში ბიჭის დაჭრის საქმეზე 16 წლის მოზარდი დააკავეს

10 ივლისი, 2018 • 1927
ავტობუსში ბიჭის დაჭრის საქმეზე 16 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 ივლისს, ავტობუსში 18 წლის ბიჭის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ნომერ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს და დაათვალიერეს ავტობუსის შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მომხდარი ფაქტი.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი