17 წლის მოზარდი ავტობუსში დაჭრეს

17 წლის მოზარდი თბილისში, ავტობუსში დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას 140 ნომერი ავტობუსის მძღოლი ამბობს, დაჭრის მომენტი თავად არ დაუნახავს, თუმცა შემთხვევას მგზავრები შეესწრნენ:

“მეთორმეტე კლასელი იყო, დანა დაარტყეს უკანა კარებში. დანახვით მე ვერაფერი დავინახე, მაგრამ… აქვე მოხდა ამ ადგილზე და ავტობუსი არც გამინძრევია. ჩამოიყვანეს, დააწვინეს სკამზე, სასწრაფო მოვიდა და წაიყვანა. არაფერი ისეთი არ გამიგია, ქალებმა დაიწყეს ყვირილი დანა დაარტყესო. დანის დარტყმამდე ხმამაღალი ლაპარაკი იყო, ოღონდ ისეთი განსაკუთრებული არაფერი” – ამბობს ავტობუსის მძღოლი “კურიერთან” საუბრისას.

მძღოლის თქმით, მოზარდს თავს დაესხა ერთი პირი და დანა პოლიციის თანამშრომლებმა უკვე ამოიღეს.

ქირურგის თქმით, მოზარდს მუცლის ღრუში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, რამაც კუჭის, პანკრეასის და ქვემო ღრუ ვენის დაზიანება გამოიწვია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.