ახალი ამბები

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა ყველა ბავშვი გადაარჩინეს

10 ივლისი, 2018 • 5855
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა ყველა ბავშვი გადაარჩინეს

სამდღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდში დასრულდა. როგორც ტაილანდის საზღვაო ძალები ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა შეძლეს. სპეციალისტები მუშაობას მხოლოდ ღამით წყვეტდნენ, რათა მღვიმეში განთავსებული ჟანგბადის კაფსულები აევსოთ.

მაშველები დაკარგულებს 23 ივნისიდან ეძებდნენ. მოზარდებს მღვიმეში 18 დღის გატარება მოუხდათ. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების და მათი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დამატებითი გამოკვლევებისთვის ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდნენ. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც ტერიტორია სრულიად მშრალი იყო. თუმცა, სეზონური წვიმების გამო წყლის დონემ მღვიმეში იმატა და დაკარგულებისთვის მისი დატოვება შეუძლებელი გახდა.

მღვიმე, სადაც ტაილანდელი ბავშვები იმყოფებიან ილუსტრაცია ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გზა, რომლის გამოვლაც ბავშვებს მაშველენთან ერთად მოუხდათ, ძალიან რთულია,  ფეხით სიარულის გარდა, მათ წყალში სირული, ცოცვა და, რაც მთავარია, ყვინთვა უწევდათ. გამოქვაბულის ზოგიერთი ნაწილი იმდენად ვიწროა, რომ საჭირო იყო ჰაერის ბალონის ცალკე გატანა. ოპერაციას ერთი მყვინთავი ემსხვერპლა, როდესაც გამოქვაბულში მყოფთათვის ჟანგბადის კაფსულები მიიტანა და უკან ბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი