ახალი ამბები

რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტზე

10 ივლისი, 2018 • 2392
რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტზე

ბრიუსელში გაფართოების სამიტი არ იქნება, თუმცა 10 წელიწადი გადის ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც საქართველომ ნატოს წევრობის დაპირება მიიღო. რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოს სამიტისგან, რომელიც ხვალ, 11 ივლისს ბრიუსელში გაიხსნება?

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას უნდა ველოდოთ. კაკაჩია ამბობს, რომ მართალია, უკრაინა ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს ჩამორჩება, მაგრამ:

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის გეოპოლიტიკური როლი ევროპის უსაფრთხოებაში უფრო დიდია, ვიდრე საქართველოსი, და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ნატომ საქართველო და უკრაინა ერთ ჯგუფში მოათავსა. სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ იქნება მეტი შეთავაზებები, რომ  ინსტიტუციონალური თვალსაზრისით უფრო მეტი დაახლოება მოხდეს, რათა, როცა შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდება და გეოპოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლება, ეს ორი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდეს”,- ამბობს კაკაჩია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის  მხარეები მუდმივად საუბრობენ შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ, რაც ნატოს ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა. კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მხოლოდ ერთობლივი წვრთნები საკმარისი აღარაა, ვინაიდან რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ძლიერდება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საუკეთესო შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ამ ფორმატით საქართველომ მიიღოს, ნატოს მიერ მობილური ჯგუფების განთავსებაა, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში თავდამსხმელს ნატოელ ჯარისკაცებთან მოუწევთ წინააღმდეგობის გაწევა.

ნატოსთან დაკავშირებით ასევე აქტიური განხილვის საგანი იყო კვლევითი და ანალიტიკური ცენტრის, “Heritage Foundation”-ის მკვლევრის, ლუკ კოფის ნარკვევი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნატოში შესაძლებელია მიიღონ იმ პირობით, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზე. კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ამ წინადადებას სერიოზული განხილვები არ მოჰყვება ბრიუსელის სამიტზე და ეს ერთგვარი “ინტელექტუალური სავარჯიშოა” ექსპერტებისთვის, მით უფრო, ცნობილია ნატოს პოზიცია, როცა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ საკითხის ასე დაყენება არარეალისტურია.

რუსულმა გამოცემა РИА Новости-მ ასევე გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ალიანსში გასაწევრიანებლად ნატომ შესაძლოა საქართველოს გზა გაუხსნას Map-ის მინიჭების გარეშე. როგორც გამოცემა წერს, ეს ინფორმაცია წყარომ ბრიუსელიდან მიაწოდა.

კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ერთი მხრივ, ამგვარი სტატიები სამიტისადმი მოლოდინის აწევას უკავშირდება, რომ შემდეგ მოლოდინი არ გამართლდეს და იმედგაცრუება გაჩნდეს საზოგადოებაში ნატოში ინტეგრაციის მიმართ. მეორე მხრივ, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების გამოძახილი. კვირიკაშვილმა 26 მაისს იმედი გამოთქვა, რომ დამოუკიდებლობის 30 წლისთავს საქართველო ნატოს წევრის სტატუსით შეხვდება.

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 ივლისს, საქართველოში მოქმედმა 49 არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე მოსთხოვა:

“ახლა საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანების გზას შესძენს სიცხადეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიცხადე ევროატლანტიკური თანამეგობრობის ინტერესებშია”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი