საფარი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, რომლებიც წერეთელზე მომხდარ მკვლელობას შეესწრნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” აცხადებს, რომ ორმა პოლიციელმა ოჯახში ძალადობის აღკვეთისას გულგრილობა გამოიჩინა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მოკვდა, მეორე კი დაიჭრა. საფარი პოლიციელების დასჯას მოითხოვს.

საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ყოფილ პარტნიორი, ელენე ბლაგოდარნაია ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, ხოლო ელენეს ყოფილი ქმარი, მამუკა გაგნიძე, რომელიც იმ დროს ბავშვის სანახავად იყო მისული, მოკლა.

ოჯახში ძალადობაში ბრადებული პოლიციის თანამშრომელი დაკავებულია. ელენეს ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” და მისი იურისტი ელისო რუხაძე იცავს. საფარი აცხადებს, რომ უნდა დაისაჯოს ადგილზე გამოძახებული ორი პოლიციელიც, რომლებმაც არაფერი იღონეს დასახმარებლად.

ელენე ბლაგოდარნაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პოლიციელ ალექსანდრე ჯინჭველაშვილს, რომელიც მისი პარტნიორი იყო, 2018 წლის აპრილიდან დაშორდა, თუმცა მაინც არ ეშვებოდა, პერიოდულად მიდიოდა მასთან და ემუქრებოდა. ჯინჭველაშვილი 31 მაისსაც მასთან მივიდა და სახლში შესვლას ცდილობდა, თუმცა ელენე კარს არ უღებდა. ბლაგოდარნაიამ პოლიციას გამოუძახა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პოლიციელებმა მისცეს უფლება ჯინჭელაშვილს, სახლში შესულიყო.

ბლაგოდარნაია იხსენებს, რომ პატრულის თანამშრომლებს ეხვეწებოდა, გაერიდებინათ მისგან. ამ დროს მოვიდა ბლაგოდარნაიას ყოფილი ქმარი მამუკა გაგნიძე, რომელთანაც 2 წლის საერთო შვილი ჰყავს. მამუკა გაგნიძეს ბავშვი უნდა გაესეირნებინა, რა დროსაც ჯინჭელაშვლმა ერთი გასროლით ხელში დაჭრა ელენე, მამუკა გაგნიძე კი მოკლა.

“ამის საშუალება მისცა პატრულმა და მარტო მაგის მერე დააკავეს. არანაირი დახმარება პატრულს არც ჩემთვის და არც მამუკასთვის არ აღმოუჩენია. არაპროფესიონალიზმისა და გულგრილობის მსხვერპლად ვგრძნობ თავს”, – ამბობს ელენე ბლაგოდარნაია.

ელენე ბლაგოდარნაია მანამდეც განიცდიდა ალექსანდრე ჯინჭველაშვილის მხრიდან ძალადობას. 2017 წლის სექტემბერში მუქარისა და ძალადობის გამო ელენემ პოლიციას მიმართა და ერთი თვით შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. ელენე ამბობს, რომ ამ პერიოდში ჯინჭელაშვილი არ დაკავშირებია, თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ.

იურისტი ელისო რუხაძე ამბობს, რომ გაეცნო გამოძახებული პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ესალმებიან ჯინჭველაშვილს, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციელი შეანგრევს კარს ძალის გამოყენებით, შედის პატრულთან ერთად, ელენე მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ტირის და ითხოვს მოძალადის გაყვანას.

ელისო რუხაძე ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოძალადე ჯინჭველაშვილი საშინელ შეურაცხყოფას აყენებდა ელენეს.

“რა გინდა, ბიჭო, ოფიციალურად ხომ არ გავაკეთებ ყველაფერს”, ეუბნება ჯინჭველაშვილს პოლიციელი. ესე იგი პატრული არ აპირებდა არაფრის ‘გაოფიციალურებას'”, – გვითხრა ელისო რუხაძემ.

ელისო რუხაძე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ პატრულმა არჩია, პატაკი ჩაებარებინა უფროსისთვის და ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო.

“საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ამ საქმეში სამსახურეობრივი გულგრილობა იკვეთება პოლიციელების მხრიდან.

“რომ ყოფილიყო სხვა ადამიანი მოძალადე და არა პატრულის თანამშრომლელი, არცერთ მოძალადე კაცს არ აძლევს პოლიცია უფლებას, რომ იარაღით ირბინოს ოთახიდან–ოთახში და ლანძღოს მისი თანდასწრებით მსხვერპლი. აუცილებელია მოძალადის და მსხვერპლის დაშორება”, – ამბობს ბაია პატარაია.

პატარაიას თქმით, რომ არა ადგილზე გამოძახებული პოლიციელები, მოძალადე ჯინჭველაშვილი სახლში ვერ შევიდოდა. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჯინჭველაშვილის მიმართ პოლიციას არ დაუწყია გამოძიება იმის შემდეგაც, როდესაც ელენე ბლაგოდარნაიამ განაცხადა, რომ ჯინჭელაშვილი სამსახურეობრივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბაია პატარაია ამბობს, რომ პოლიციამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგოდ, თუმცა, როდესაც პოლიციელია მოძალადე, გამოძიება არ იწყება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივ გულგრილობას, თბილისის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com