ახალი ამბები

დავით ნარმანიამ 2018 წელს 180 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი იყიდა

10 ივლისი, 2018 • 5074
დავით ნარმანიამ  2018 წელს 180 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი იყიდა

თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, თბილისის ყოფილმა მერმა ნარმანიამ 2018 წლის 27 აპრილს თბილისში, დიდ დიღომში, 180 000 აშშ დოლარდ 1500 კმ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამავე დღეს მას საქართელოს ბანკში აღებული აქვს იპოთეკური სესხი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

დავით ნარმანიამ, რომელიც მერის პოსტის დატოვების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გახდა, ხელფასის სახით 8 დღეში 3400 ლარი მიიღო. ეს ინფორმაცია ნარმანიას მიერ 2018 წლს შევსებულ  თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული. აღნიშნული თანხა დავით ნარმანიამ 22-დან 31 დეკემბრის ჩათვლით შესრულებული სამუშაოსთვის მიიღო.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ნარმანიას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ხელფასის სახით 25 304 ლარი აქვს გამომუშავებული, 2017 წლის 13 ნოემბრამდე კი, თბილისის მერის პოსტზე მუშაობისთვის 33 011 ლარი. დავით ნარმანია ლექტორად მუშაობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტშიც, სადაც 2017 წელს 24 94 ლარი გადაუხადეს. ამავე უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე მუშაობისთვის ნარმანიას ცოლს, თინათინ თინიკაშვილს  2017 წელს 2 494 ლარი აქვს მიღებული.

ნარმანიების ოჯახი ასევე ფლობს 3 584 კვ.მ მიწას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში. აღნიშნული ქონება 2016 წელს არის ნაყიდი 7 000 აშშ დოლარად. გარდა ამისა, დავით ნარმანია ასევე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ თითქმის ამავე ოდენობის მიწას სამეგრელოში, სოფელ კოკში. გარდა ამისა, თბილისის ყოფილი მერის საკუთრებაშია 2008 წელს თბილისში ნაყიდი ბინა, რომლის ფართია 97 კვ.მ.

დავით ნარმანია ძმასთან ერთად ფლობს იურიდიულ კომპანია შპს-ს “შპს ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგი”. თბილისის ყოფილი მერის საკუთრებაში ამ კომპანიის წილის ზუსტად ნახევარია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი