ახალი ამბები

შსს: მოძალადეთა გასაკონტროლებლად ელექტრონული სამაჯურები წლის ბოლომდე დაინერგება

10 ივლისი, 2018 • 1908
შსს: მოძალადეთა გასაკონტროლებლად ელექტრონული სამაჯურები წლის ბოლომდე დაინერგება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურებს წლის ბოლომდე შემოიღებს:

“მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება” – ამბობს მეზვრიშვილი.

უწყების განცხადებით, ასევე დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. შსს-ში აცხადებენ, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას გააჩენს.

შს მინისტრის მოადგილემ დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც შეაფასა. მეზვრიშვილის თქმით, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი