ახალი ამბებიხელოვნება

3D – მზიურში ნაგავსაყრელად ქცეული შენობის კულტურულ სივრცედ გარდაქმნის პროექტი

10 ივლისი, 2018 • 3671
3D – მზიურში ნაგავსაყრელად ქცეული შენობის კულტურულ სივრცედ გარდაქმნის პროექტი

ვასო მაჭარაძემ, ანუკა ლომიძემ, კოკა ვაშაკიძემ და ანა გოგუაძემ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც გულისხმობს მზიურის პარკში განთავსებული ფუნქციადაკარგული და ნაგავსაყრელად ქცეული შენობის კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცედ გარდაქმნას.

მზიურში ნაგავსაყრელად ქცეული შენობის კულტურულ სივრცედ გარდაქმნის პროექტი

წლების წინ ამ შენობას თბილისის ერთი უბანი – მეორესთან საბაგირო გზით უნდა დაეკავშირებინა, თუმცა უკვე დიდი ხანია პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს მის განსაკუთრებულ არქიტექტურას.

ახალი მზიურის ჯგუფის იდეაა, ამ ობიექტმა დემონტაჟის ნაცვლად მისი პირველადი, დამაკავშირებელი ფუნქცია დაიბრუნოს და ამჯერად ხელოვნებისა და ადამიანების გამაერთიანებელ სივრცედ იქცეს. ამიტომ მათ შევიმუშავეს კონკრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს:

  • ნაგებობის ზედა ნაწილში კულტურისა და ხელოვნების მიმართულების მედიათეკის მოწყობას;
  • კონცეპტუალური სამუშაო გარემოს შექმნას არტისტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის;
  • შენობის მიწისქვეშა სივრცის თანამედროვე და მინიმალისტურ საგამოფენო გალერეად მოწყობა, რომელიც ღია იქნება სახელოვნებო და შემოქმედებითი აქტივობებისათვის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს კულტურული სივრცე დამატებით ფუნქციურ დატვირთვას მიანიჭებს მზიურის პარკს და თბილისის მოსახლეობისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ახალ სავიზიტო ადგილად იქცევა:

“ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აზრი და მზიურის გულშემატკივრების ჩართულობა, ვასაჯაროებთ პროექტის პირველ, დასრულებულ ნაწილს, რომელიც მოიცავს შენობის განვითარების ძირითად კონცეფციას და არქიტექტურულ 3D რენდერს.

სამწუხაროდ, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშეა. ქალაქის განვითარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ამის საუკეთესო მაგალითია მზიურის იდეის ავტორი, ნოდარ დუმბაძე, რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.”

იდეის ავტორები მზად არიან ნებისმიერი სახის კომუნიკაციისათვის და დაინტერესებული პირების მოსაზრებებს ელიან.

  • 3D ვიზუალიზაციის სრული ვერსიის სანახავად გადადით მითითებულ ამ ბმულზე.

“ახალი მზიურის პროექტი რომ ჩავიფიქრეთ, ჩვენი იდეის განხორციელების ცოტას თუ სჯეროდა. ყოველი ნაბიჯი მიზანს უფრო გვაახლოებდა და ჩვენც, თქვენთან ერთად, ვირწმუნეთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვუყრიდით საფუძველს. დღეს მზიურის აქტიური ცხოვრება ყოველდღიურად გვაჯერებს, რომ მონდომებულ გუნდს, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს, შეუძლია განახორციელოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი.

ორი წელი გავიდა და ჩვენი მიზანი – მუდმივი განვითარება და ამ პროცესში მრავალი ადამიანის ჩართვა – კვლავ უცვლელია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ მზიური ამოუწურავი შესაძლებლობების ადგილია. 13 ივნისის ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მზიურის პარკს განვითარების სწორი გეგმა სჭირდება,” – აცხადებენ ახალი მზიურის ჯგუფის წევრები.

როგორც მზიურის ჯგუფი აცხადებს, სამწლიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალებით, აღადგინეს და ფუნქცია დაუბრუნეს პარკის ზედა ნაწილში არსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ ნაგებობას. თუმცა პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უფუნქციოა, მათ შორის ის შენობა, რომლის კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცედ გადაქცევაც სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი