ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აქტივისტის წერილი აზერბაიჯანის ციხიდან: ყოველდღე თავიდან მკლავენ

9 ივლისი, 2018 • 5732
აქტივისტის წერილი აზერბაიჯანის ციხიდან: ყოველდღე თავიდან მკლავენ

აზერბაიჯანული ორგანიზაცია Nida-ს აქტივისტი და ბლოგერი ილკინ რუსტამზადე, რომელიც 2014 წელს მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად დააკავეს, ციხიდან შეტყობინებას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, თითქმის ექვსი წელი სრულდება, რაც ციხეში ვარ და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე უძლურად ვგრძნობ თავს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე ვსაჭიროებ თქვენს დახმარებას. სული მეხუთება და სუნთქვა არ შემიძლია. ისინი ყოველდღე თავიდან მკლავენ. განსაკუთრებულ შეზღუდვებს მიწესებენ, ისეთ შეზღუდვებს, რომლებსაც სხვების მიმართ არ იყენებენ. ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებენ. და ეს მხოლოდ ნაწილია. ვგრძნობ, რომ ძალა მეცლება. ხერხემალზე ოპერაციის შემდეგ, ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, ჯაჭვები ჩამომაცვეს და თავი გადამპარსეს. ექიმმა თქვა, რომ ჰოსპიტალში ჩემი დარჩენა აუცილებელია, თუმცა მათ არ დაუშვეს ეს. მგონია, რომ ყველა ძალას იყენებენ ჩემზე ზეწოლის მოსახდენად. უკვე აღარ ვიცი, რა მელის წინ”.

რუსტამზადეს გზავნილი ტელეფონით მისმა კოლეგამ ჩაიწერა, რომელმაც მოგვიანებით ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გაავრცელა.

რუსტამზადე და მასთან ერთად დაკავებული სხვა აქტივისტები საკუთარ ბრალეულობას თავიდანვე არ ადასტურებდნენ. დღესდღეობით მხოლოდ რუსტამზადე რჩება ციხეში, სხვა დანარჩენები გათავისუფლებული არიან.

ილკინ რუსტამზადე საერთაშორისო უფლებამდაცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა სინდისის პატიმრად ცნო.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი