ახალი ამბები

წულუკიანი: შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არაა, მე მისი შვილის ნათლია ვარ

9 ივლისი, 2018 • 5129
წულუკიანი: შალვა თადუმაძე ჩემი ნათესავი არაა, მე მისი შვილის ნათლია ვარ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ის შალვა თადუმაძის ნათესავი არ არის თუმცა ადასტურებს, რომ მისი შვილის ნათლიაა. თადუმაძე ამჟამად  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებს. მისი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზეა წარდგენილი:

“ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის. მე ვარ მისი შვილის ნათლია. მე ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში  2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ჩვენ ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომლებმაც ქართულ ოცნებასთან ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა პირველ ოქტომბერს. ამ ჯგუფში იყო ბატონი არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა” – ამბობს წულუკიანი.

საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი, შალვა თადუმაძე, შალვა შვგულიძე და ნინო გოგნიაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა, რადგან მინისტრი ამ დროს შვებულებაში იმყოფებოდა.

კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი