ახალი ამბები

ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს

9 ივლისი, 2018 • 3199
ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს

დღეს, 9 ივლისს, ეკა ჭითანავა ბათუმში, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოიკითხა რუსეთი-ხორვატიის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მან განცხადება ჩააბარა რუსეთის მოქალაქის მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რაშიც ცრუ დასმენა იგულისხმება.

რუსეთის მოქალაქემ პოლიციას შეატყობინა, რომ ეკა ჭითანავამ მასზე ფიზიკურად იძალადა. ფეხბურთის ქართველი გულშემტკივარი ამბობს, რომ რუსი გოგო იტყუება, რადგან მან მხოლოდ დროშის ფრიალი გააპროტესტა.

ეკა ჭითანავა მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მის ადვოკატ პაატა დიასამიძეს მხარდაჭერისთვის, რომელიც მას თან ახლდა პოლიციის განყოფილებაში.

8 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე რუსეთისა და ხორვატიის თამაშის ყურებისას ქართველ და რუს გულშემატკივარს შორის ინციდენტი მოხდა. ანბანის კოშკთან ხორვატიის საგულშემატკივროდ მისულმა ეკა ჭითანავამ რუსეთის დროშის ფრიალი ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტა, რაც რუს გულშემატკივარს არ ესიამოვნა და პოლიციაში დარეკა. შედეგად, ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

ინციდენტის დროს რუსეთის მოქალაქემ პატრულს დაურეკა და განუცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის საფუძველზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ რუსეთის მოქალაქე გუშინ გამთენიისას გამოკითხა, ეკა ჭითანავა კი დღეს გამოიკითხა.

ინციდენტი ბათუმში ფეხბურთის რუს და ქართველ გულშემატკივარს შორის

მასალების გადაბეჭდვის წესი