ახალი ამბები

დიმიტრი გაბუნია: თუ ჰგონიათ, ჩემს ქილიკს გავუტარებ სამართლებრივად, ძალიან შემცდარან

9 ივლისი, 2018 • 2486
დიმიტრი გაბუნია: თუ ჰგონიათ, ჩემს  ქილიკს გავუტარებ სამართლებრივად, ძალიან შემცდარან

ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დევდარიანმა  პატივისა და ღირსების შესაძლო შელახვისთვის სასამართლოს მიმართა, ქილიკი სოციალურ ქსელში მის მიმართაც დაიწყო:

მიმდინარეობს ქილიკი კონკრეტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით და ზვიად დევდარიანის დაცინვა, ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, მათ შორის ჩემი, როგორც უფლებადამცველის და ადვოკატის. თუ მაგათ ჰგონიათ, მე მათ გავუტარებ ამ ყველაფერს სამართლებრივად, ძალიან შემცდარან. მე მათ ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ კონკრეტული უფლებადამცველებისა და ადვოკატების მიმართ მთელი რიგი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან  და შეწყვიტონ ეს ფეისბუკ სასამართლო” – ამბობს ადვოკატი.

გაბუნია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესაც მიმართავს და პროცესებში ჩართვას სთხოვს:

“მე მივმართავ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ჩაერთოს ამ პროცესში, ვინაიდან ადგილი აქვს  ჩემი პროფესიული უფლება-მოვალოებების მიმართ გარკვეულ ფიქოლოგიურ ზეწოლას” – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ის ფრაზები, რომელთა უარყოფასაც სარჩელის მიხედვით დევდარიანი ითხოვს, დოკუმენტში მოხვდა სასამართლოს მითითებით:

“აქვე განვმარტავ, რომ ის ციტირება შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, რომ სიცრუეა რომ ზვიად დევდარიანი არ არის …. და ა.შ, თუმცა ეს არის სასამართლოს დავალებით გაკეთებული. სასამართლომ კონკრეტულად გვთხოვა, რომ ეს ციტატები, რომლებსაც ვთვლიდით, რომ არის შეურაცხმყოფელი, დაგვეწერა. სწორედ ამიტომ არ მიიღო პირველი სარჩელი წარმოებაში. თუ ვინმეს ჰგონია, ზვიად დევდარიანმა ამიტომ შეიტანა ეს სარჩელი, რომ “ის არ არის …” ეთქვათ – ძალიან ცდება” – ამბობს გაბუნია.

დღეს, 9 ივლისს, დევდარიანის ადვოკატმა უკუგება შეიტანა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელიც ზვიად დევდარიანის მხრიდან 4 ქალზე შესაძლო სექსუალურ შევიწროებას ეხება. ადვოკატის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, დევდარიანის ბრალეულობა არ იკვეთება.

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს იკვლევს სახალხო დამცველი, ასევე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს.

მოგვიანებით, დევდარიანმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა. “სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია” – ეს ერთ-ერთი ციტატაა ზვიად დევდარიანის სარჩელიდან, რომლის გამოქვეყნებასაც დევდარიანი მოპასუხე მხარეს სთხოვს მის მიმართ, თავისივე შეფასებით, ცილისმწამებლური განცხადებების უარსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი