ახალი ამბები

შსს: ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

9 ივლისი, 2018 • 8935
შსს: ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც შსს აცხადებს, მაშველებმა და სამართალდამცავებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერში დაკარგულების პირადი ნივთები და ავტომობილი იპოვეს. 6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. როგორც სამართალდამცავი უწყება ამბობს, წინასწარი დათავლიერებით ქალის ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა უწყების წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, ეტყობოდა თუ არა ძალადობის ნიშნები მისი ქმრის ცხედარს. შესაბამისად, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული. შსს ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

“გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი”, – აცხადებს შსს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზ, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი