ფუტკარაძე: GPB-დან საგამოძიებო ჟურნალისტიკის გარეთ გატანაზე ვმსჯელობთ

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა “გამომძიებელი რეპორტიორის” თანამშრომლების მოშორება, რადგან ამ ადამიანებმა გადაიღეს ფილმი “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”, რომელიც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეს ეხება.

“როგორც ვხედავთ, არ აწყობს სისტემას, სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები. გავერთიანდეთ ყველა, რათა ეს სისტემა დაინგრეს. მკვლელები გარეთ დადიან და ჭეშმარიტების მაძიებლებს კი სამსახურიდან ათავისუფლებენ,” – წერს ზაზა სარალიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებული, ირინა ფუტკარაძე კი აცხადებს, რომ აბსოლუტურად არასწორი და არასერიოზული განცხადებაა გააკეთა ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, რომ რამდენიმე ჟურნალისტს ათავისუფლებენ ხორავას ტრაგედიაზე მომზადებული ფილმის გამო.

“ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია 2018-2021 წლების პრიორიტეტებთან. ეს არის ჯერჯერობით სამუშაო ვერსია. სამეურვეო საბჭოს თვის ბოლომდე კიდევ გვექნება რამდენიმე შეხვედრა და ვიმსჯელებთ ამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, სადაც ამ ეტაპზე წერია, რომ მხოლოდ გარე წარმოებაზე უნდა გავიდეს ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტიკა.

ამავე დროს, ჩვენ ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით სამუშაო შეხვედრებზე. პირადად მე, მაგალითად, მხარს ვუჭერ, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკაც უნდა იყოს ჩვენთან – უნდა იყოს შიდა წარმოებაშიც და გარე წარმოებაშიც. ორივე ვარიანტს ვუჭერ მხარს,” – განუცხადა ნეტგაზეთს ირინა ფუტკარაძემ.

ბორდის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელი ფიქრობს, რომ სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრიც უჭერს მხარს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში დატოვებას:

“მგონი, ამ ეტაპზე ეს არის ძალიან ხელოვნურად შექმინი პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ვერ გეტყვით, ბუნებრივია, რა სახეს მიიღებს პრიორიტეტები. თუმცა ცალსახად უნდა დავაფიქსირო, რომ თითქოს სარალიძის ფილმის გაშვებასთან დაკავშირებით უშვებენ რამდენიმე თანამშრომელს, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და ამასთანავე მინდა გითხრათ ჩემი პოზიცია – ვფიქრობ, სარალიძის ფილმი რომ გავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს იყო ძალიან კარგი პრეცედენტი და ყოველთვის მხარს დავუჭერ ასეთი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიერ მომზადებულ მაღალი კვალიფიკაციის, მაღალპროფესიონალურად მომზადებულ მასალას.

ზუსტადა იმიტომ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ჩვენგან უნდა გადიოდეს არა მარტო საინფორმაციო, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები, არამედ ის პრობლემები, რაც ქვეყანაშიც არის. ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა. აქედან უნდა გავიდეს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციები, იქნება ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკის, სხვადასხვა ნიუსები და ა.შ.”

როგორც “გამომძიებელი რეპორტიორის” წევრი, ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, ბორდმა თავის ახალ პრიორიტეტების პროექტში ჩაწერა, რომ ჟურნალისტური გამოძიება აღარ სჭირდება შიგნით და ეს უნდა გაიტანოს გარეთ, რაც მისი გუნდისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ამან ძალიან შეაშფოთა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, რადგან დროში ეს ყველაფერი დაემთხვა ხორავას ქუჩაზე გაკეთებულ ფილმს და მთელ წინა თუ შემდგომ ისტორიას, რომელიც ამ ფილმს ეხებოდა.

“იცით კარგად, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ფილმის მაყურებლამდე მიტანას იმიტომ, რომ სრულიად ფეხქვეშ გაითელა მედიის დამოუკიდებლობის პრინციპი. ამ მხრივ ვეთანხმებით ჩვენც გარეთ გაკეთებულ შენიშვნებს, რადგანაც გარე ორგანიზაციების და პარლამენტის თანხმობის შემდეგ გაუსვეს მხოლოდ ეს ფილმი. გარდა ამისა, ჩვენი სამუშაო ვარიანტები გავრცელდა სოციალურ ქსელში, რაც ჩვენგან არ მომხდარა და სავარაუდოდ მოხდა იმ ორგანიზაციებისგან, რომელსაც გადაუგზავნა საზმაუს მენეჯმენტმა ფილმი წინასწარ განსახილველად. ცხადია, ამ ყველაფერმა გაგვანაწყენა და ჩვენი მხირდან კითხვები და პროტესტი გამოიწვია,” – ამბობს ლია ტოკლიკიშვილი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ ფილმის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან ერთი მადლობაც კი არ მიუღიათ იმის მიუხედავად, რომ ფილმი მაღალი სტანდარტის აღმოჩნდა, როგორც შეაფასეს საპარლამენტო კომისიის წევრებმა, იურისტებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა:

“არაერთი ასეთი სტატუსი და კომენტარი გვაქვს შენახული, რომ ამით ეს პოზიცია დავამტკიცოთ და მენეჯმენტს წინასწარ არ აუხსნია, რატომ შეუქმნა წინასწარ განწყობა, როცა დაწერა, რომ ფილმს უშვებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გარე ინსტიტუციებმა უთხრეს ეს, თუმცა ის თვლის, რომ ფილმი არ უნდა გავიდეს, რადგან არ შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტს. როცა აღმოჩნდა, რომ ფილმი შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტს, ამის გამო მენეჯმენტს განმარტება აღარ გაუკეთებია. ასეთი შიდა ისტორია ნამდვილად არსებობს, თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებდით თანამშრომლობას. ახალ ფილმზეც ვმუშაობთ, რომელიც ასევე უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც დაიწერა ბორდის პრიორიტეტებში და გვაქვს შეკითხვები.”

ლია ტოკლიკიშვილის თქმით, მისი ჯგუფი ჯერ არ შეხვედრია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რადგან ვასილ მაღლაფერიძე შვეულებაში იყო და არაა ცნობილი მისი პოზიცია.

“მთელი ერთი კვირა არასამთავრობო ორგანიზაციები გვირეკავენ. ისინი თავიანთ პოზიციას ამზადებენ, რადგან ყველა ხვდება, ქრონოლოგიურად რომ დაალაგო, ჟურნალისტური გამოძიების მოხსნა ხორავას ქუჩაზე მომზადებულ ფილმთან არის კავშირში. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი დასჯის მექანიზმი. ჩვენ ჯერ ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვით, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ ბორდის პრიორიტეტები მართლა მოიაზრებს გამომძიებელი რეპორტიორის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლას, ცხადია, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ.

მე ისიც არ ვიცოდი, რომ ბორდი განიხილავს დღეს ამ საკითხს. ჩვენ ვითხოვთ სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას, რომელმაც ჩვენი პოზიცია აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვისაც იწვევს შეკითხვებს; ჩვენც ვიცით ის, რაც  იცის მთელმა საზოგადოებამ, რომ საგამოძიებო ჯგუფის გარეთ გატანის შესახებ წერია პრიორიტეტებში,” – განუცხადა ნეტგაზეთს “გამომძებელი რეპორტიორის” წევრმა.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იციან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები არ არის ამ ეტაპზე დამტკიცებული და ეს არის ჯერ მხოლოდ მოსაზრება, მაგრამ ძალიან საეჭვოდ მიიჩნევენ ამ საკითხის დაყენებას, რაც მათ შეშფოთებას და ბევრ კითხვას იწვევს.

  • „გამომძიებელი რეპორტიორი”, ჟურნალისტური გამოძიების პროექტი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 2014 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ავტორები არიან ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე.
  • პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა. გამოძიების თემები შეირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა წერილების მიხედვით. ჟურნალისტური ძიებისას დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ნორმები, ჟურნალისტური ეთიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები.
  • გუნდის წევრები არიან: არჩილ თაბაგარი, ნანა ურუშაძე, ლია ტოკლიკიშვილი, თინათინ ზვიადაძე, სალომე სორდია და მაია გოგოლაძე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.