ახალი ამბები

ტაილანდის გამოქვაბულიდან რამდენიმე ბავშვი უკვე გამოიყვანეს

8 ივლისი, 2018 • 2841
ტაილანდის გამოქვაბულიდან რამდენიმე ბავშვი უკვე გამოიყვანეს

BBC-ის ინფორმაციით, ტაილანდიის ჩრდილოეთში მდებარე გამოქვაბულიდან მაშველებმა თორმეტიდან ოთხი ბავშვის გამოყვანა წარმატებით მოახერხეს.

მაშველებმა დღეს გადაწყვიტეს გამოქვაბულში ჩარჩენილთა გამოყვანის სახიფათო ოპერაციის დაწყება, რადგან წყლის დონის კიდევ უფრო აწევის საფრთხე შეიქმნა.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, მყვინთავები მიუძღვებიან 12 ბიჭს და მათ ფეხბურთის მწვრთნელს Tham Luang-ის გამოქვაბულთა სისტემის ბნელ და დატბორილ გასასვლელებში. ბავშვების გამოყვანა ჯგუფ-ჯგუფად მიმდინარეობს.

რამდენ ხანს გასტანს გადარჩენის სახიფათო ოპერაცია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

როგორც BBC-ის 6 ივლისს წერდა, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის, ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის სირთულიდან გამომდინარე, მის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ, წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვასაც ცდილობდა, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ. ბავშვების სამაშველო ოპერაციას უკვე ემსხვერპლა ერთი მყვინთავი. ის იმ დროს დაიღუპა, როცა მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების მიწოდების შემდეგ უკან, გამოსასვლელისკენ ბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი