ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანას იწყებენ – BBC

დღეს, 8 ივლისს, მაშველებმა 12 ბავშვისა და მათი ფეხბურთის მწვრთნელის ტაილანდის გამოქვაბულიდან გამოყვანის სახიფათო ოპერაცია დაიწყეს. ჯგუფი უკვე ორი კვირაა მღვიმეშია ჩარჩენილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯგუფი ჩარჩენილია Tham Luang-ის გამოქვაბულში ოთხი კილომეტრის სიღრმეში. წყლის დონის აწევის საფრთხის გამო, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მეტი მოცდა აღარ შეიძლება.

როგორც BBC წერს, პროფესიონალი მყვინთავები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გამოქვაბულში ჩარჩენილ ჯგუფს საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების მარაგს აწვდიდა, ეცდებიან მათ გამოყვანას.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბავშვები მზად არიან გამოქვაბულიდან გამოსაყვანად.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი დაფარა. ჯგუფი 4 კილომეტრის სიღრმეში იმყოფება.

დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

როგორც BBC-ის 6 ივლისს წერდა, ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის, ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის სირთულიდან გამომდინარე, მის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ წყლით დაუფარავი სივრცე, საიდანაც ბავშვები ჰაერს იღებენ, წყლით შეივსოს.

ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად მის ამოტუმბვასაც ცდილობდა, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ. ბავშვების სამაშველო ოპერაციას უკვე ემსხვერპლა ერთი მყვინთავი. ის იმ დროს დაიღუპა, როცა მათთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების მიწოდების შემდეგ უკან, გამოსასვლელისკენ ბრუნდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.