ახალი ამბები

ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარის ცხედრები იპოვეს, ბავშვს მესამე დღეა ეძებენ

8 ივლისი, 2018 • 6193
ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარის ცხედრები იპოვეს, ბავშვს მესამე დღეა ეძებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის რაიონში, ხედას ხეობაში საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმირს, რაიან და ლორა სმიტების ცხედრები იპოვეს. მაშველები მესამე დღეა 4 წლის ბავშვს ეძებენ.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 6 ივლისს “112”-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ.

“პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

მეორე დღს ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი – მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, როგორც შსს აცხადებს, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. მთის ამბების ინფორმაციით, რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელი მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

განახლება: სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.

[red_box]ყველა სიახლე სმიტების მკვლელობის საქმეზე[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი