ზაზა სარალიძე შსს-სთან.

სარალიძის ადვოკატი: პროკურატურაში საუბრის ერთ-ერთი თემა მ.კ.-სთვის ბრალის წარდგენა იყო

დღეს, 7 ივლისს, მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა, მისმა ადვოკატმა კი თქვა, რომ პროკურორებთან განხილვის ერთ-ერთი თემა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვნისთვის, მ.კ.-სთვის ბრალის წარდგენის საკითხი იყო. ლონდარიძემ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული აუცილებლად უნდა იყოს არასრულწლოვანი მ.კ., რომელიც, მათი თქმით, ტრაგიკულად დასრულებულ ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა.

რაც შეეხება სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მისი თქმით, პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა შედეგის დანახვას გარკვეული დრო დასჭირდება. მან არ ისურვა საჯაროდ საუბარი იმაზე, დამატებით თუ ვის უნდა წარედგინოს ან არ წარედგინოს ბრალი სარალიძის მკვლელობის საქმეზე.

დღესვე პარლამენტში გაიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც გამომძიებლებთან ერთად, 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორები დაკითხეს. სხდომის ის ნაწილი, სადაც გამომძიებლები იკითხებოდნენ, ხმაურით მიმდინარეობდა, რადგან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “ევროპული საქართველოს” წევრებს აკრიტიკებდნენ გამომძიებლებისთვის დასმული კითხვების გამო. რაც შეეხება დირექტორების დაკითხვას, ამ პროცესის ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლეს. სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ სცნო დადუნაშვილის მკვლელობასა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში, თუმცა პროცესის შედეგად არ გამოკვეთილა სარალიძის მკვლელის ვინაობა. დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა. ის მკვლელის დასჯას მოითხოვს. ამ მოთხოვნით დაწყებული რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ, საკითხის გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელსაც ოპოზიციური საპარლამენტო პარტია “ევროპული საქართველო” ხელმძღვანელობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.